ახალი ამბები

TDI: კონსტიტუციის პროექტით შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ

20 ივნისი, 2017 •
TDI: კონსტიტუციის პროექტით შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს, 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კონსტიტუციის ახალი პროექტით, “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ”

TDI მიიჩნევს, რომ:

  • კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ;
  • გაძლიერდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პრივილეგირებული პოზიცია;
  • გაჩნდა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის დაცვის სტანდარტების გაუარესების რისკები.

TDI-მ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვენეციის კომისიას მიმართა, რომელსაც კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ვენეციის კომისიას მიმართა სახალხო დამცველმაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სეკულარობის პრინციპისა და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესუსტებაზე.

“ვენეციის კომისიის მოსაზრებით, აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა აქტებითა და ევროპული ქვეყნების კონსტიტუციების უმრავლესობით. კომისიას მიაჩნია, რომ რწმენის თავისუფლება ზოგადი უფლებაა, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს. შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლში კონკრეტულად  აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლების ჩანაწერი უფრო ცხადად წარმოაჩენდა მოცემული უფლების გარანტიებს. ვენეციის კომისია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს პროექტის იმ ნორმაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის რწმენისა და სინდისის გამოხატვის შეზღუდვას, თუ ამგვარი გამოხატვა არღვევს სხვათა უფლებებს. კომისიის აზრით, წარმოდგენილი შეზღუდვის ფარგლები წარმოშობს რისკს, რომ რწმენისა და სინდისის თავისუფლება განიმარტოს ზედმეტად ვიწროდ, ხოლო “სხვათა უფლებების” დარღვევა საპირისპიროდ – ზედმეტად ფართოდ. ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ამ ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი არ იყოს დაცული,” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით და არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტის გაუარესება და სეკულარობის პრინციპის დარღვევა.

 

წაიკითხეთ ამავე თამაზე – რა იცვლება კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თვისუფლების კუთხით – თამთა მიქელაძის მოსაზრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი