დღეს, 23 ივნისს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები შესავალ სიტყვას წარმოადგენენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროკურტურას კი მოწმეების დაკითხვაც სურს, თუმცა, შესაძლოა, დღეს ეს ვერ მოესწროს.
პროცესის დაწყებამდე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ შესავალ სიტყვაში იქნება სამართლებრივი მიმოხილვა მათი მხრიდან. ისინი ასევე მიმართავენ მოსამართლეს, მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
“მეორე ნაწილი თავისუფლად შეიძლება იყოს მოწმეთა დაკითხვა. თავდაპირველად, პროკურატურა აწარმოებს ამას. ისინი წინასწარ არ გვაფრთიხლებენ, თუ რომელ მოწმეს მოიყვანენ. 120 მოწმიდან თავისუფლად შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი მოიყვანონ. შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ წინასწარ შეგვატყობინებენ, რომელ მოწმეს დაკითხავენ,” – ამბობს ფანცულაია.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე წარდგა შესავალი სიტყვით. როგორც პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, მათ შესავალი სიტყვა უტყუარ ფაქტებზე ააგეს, რომლებითაც ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოამზადა ანგარებით მკვლელობა ძლიერმოქმედი შხამის გამოყენებით.
“რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დიდი მოლოდინი ამ პროცესიდან არ გვაქვს, რადგან დაცვის მხარე ამბობს შესავალ სიტყვას. გამოძიების ეტაპზე გახსოვთ ალბათ ოქრომჭედლის ვერსია, რომელიც გამოძიების ეტაპზე გავაბათილეთ და ასევე შესავალ სიტყვაში. დაველოდებით, იტყვიან თუ არა იმავე ვერსიას, თუ მოიგონებენ უფრო აბსურდულ და დაუჯერებელ ვერსიებს,” – ამბობს გუბელაძე.
პროკურორის თქმით, ჯერჯერობით კვლავაც მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, თუ სად და ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი. მისი განცხადებით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს შესაძლო თანამზრახველებზეც.
გიორგი მამალაძეს ამ დროისთვის 6 ადვოკატი ჰყავს და თუ ყველამ გამოიყენა დღეს შესავალი სიტყვის უფლება, როგორც პროკურორი ამბობს, ვერ მოასწრებენ მოწმეთა დაკითხვას. გუბელაძის თქმით, პროკურატურა მზადაა მცირე დროშიც დაიწყოს მოწმეთა დაკითხვა. მისი ინფორმაციით, საქმეზე 120 მოწმეა.