პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. უმრავლესობის წევრები სხდომაზე მარტო იმყოფებიან. ბოიკოტის გამო პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.
ეკა ბესელიას განცხადებით, მას კარგად ესმის, რომ ქვეყნის კანონი რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით უნდა მიიღებოდეს. მისივე განმარტებით, სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიამ და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროცესში მონაწილეობის მასშტაბი ფართო ყოფილიყო:
“ისეთი პოლიტიკური სცენარი დაიგეგმა, რომ ჩვენი ოპონენტები არ აგრძელებენ კონსტიტუციის მიღების პროცესში მონაწილეობას, გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო. ვერ ვიტყვი, რომ [მათი მონაწილეობა] მნიშვნელოვანი თემა არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს მისაღები,” – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ახალი კოსნტიტუცია მოქმედ კონსტიტუციაში არსებულ სახიფათო ჩანაწერებს ასწორებს.
22 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რეგისტრაცია სულ 115 დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს ყველა მათგანმა მისცა ხმა.
დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო შემოთავაზებულ რედაქციაში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული. შემოთავაზებულ პროექტში კონსტიტუციის თითოეულ მუხლს თავისი სათაური აქვს, მოქმედ რედაქციაში კი მხოლოდ თავები არის დასათაურებული. თავების გარდა შეცვლილი არის სიტყვების რაოდენობაც. კერძოდ, კონსტიტუციის პროექტში 8 875 სიტყვაა, ხოლო მოქმედი კონსტიტუცია 1 1045 სიტყვისგან შედგება. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.