კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელოების ეროვნულ გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, შეფასებისა და გრიფის მინიჭებას. გარდა ამისა, ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები. შესაბამისად, ცვლილებები შედის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის წესში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას.
თავის მხრივ, ცვლილებები შედის “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” კანონშიც. წარმოდეგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში უნდა გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვების ფორმების ნიმუშები. გარდა ამისა, სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.
პროფესული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
