ახალი ამბები

გიგაური: “ოცნება” ისეთ მეთოდებს მიმართავს, შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსტიტუცია მიიღოს

22 ივნისი, 2017 •
გიგაური: “ოცნება” ისეთ მეთოდებს მიმართავს, შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსტიტუცია მიიღოს

“საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს” დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ქართული ოცნება ისეთ მეთოდებს მიმართვს, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის კონსტიტუცია მიიღოს და მონარქიაზეც კი ისაუბროს.

ეს განცხადება ეკა გიგაურმა 22 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. ამ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 14 ორგანიზაცია ბოიკოტს უცხადებს და არ ჩაერთვება კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვებში.

“საზოგადოების შეკვეთა ნამდვილად არ ყოფილა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება. ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და ზუსტად ამიტომ ჩავერთეთ საკონსტიტუციო რეფორმაში. ეს არის აღსანიშნავი იმიტომ, რომ სხვა ის საკითხები, რომლებიც განიხილებოდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ნამდვილად არ იყო საინტერესო საზოგადოებისთვის. საზოგადოება ხედავდა, რომ ჩვენ საქართველოში გვქონდა უსამართლო საარჩევნო სისტემა და ამ საარჩევნო სისტემით, ფაქტობრივად, მმართველი პოლიტიკურო პარტია ყოველთვის იმყოფებოდა უპირატეს მდგომარეობაში. დღეს ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ყოველდღე ცვლის თავის გადაწყვეტილებას… ის, რაზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებული თავიდანვე, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ეს შეთანხმება არ სრულდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ყველანაირ აზრს კარგავს, რომ ჩვენ ჩავერთოთ საკომიტეტო მოსმენებში, და იმის გამო, რომ მმართველი პარტია ასეთ მეთოდებს მიმართავს, მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსტიტუცია მიიღოს, შეიძლება ისაუბროს ასევე მონარქიაზე, ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის და ჩვენ აღარ ჩავერთვებით ამ აბსურდულ განხილვებში,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ორშაბათს, 22 ივნისს, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის შემოღება გადავადდებოდა და 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი