ახალი ამბები

“ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრონ მის უწმინდესობას” – ბოტკოველის განცხადებები გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ

21 ივნისი, 2017 •
“ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრონ მის უწმინდესობას” – ბოტკოველის განცხადებები გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ

დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ისაუბრა. დეკანოზის თქმით, პატრიარქს საკმარისი ინფორმაცია აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ილია მეორემ საქმის ნიუანსებიც კი იცის და თორნიკე მამალაძის განცხადება, იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ინფორმაციას სრულად არ ფლობს, მხოლოდ მისი ინტერპრეტაციაა:

“პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა  დეტალებშიც კი. ნიუანსები იცის მან. ოღონდ ვიცით იმდენი, რამდენიც იცის საზოგადოებამ. ჩვენ სხვა შემხებლობა და სხვა ინფორმაციები არსაიდან არ მოგვდის. აქედან გამომდინარე, მისმა უწმინდესობამ აბსოლუტურად სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც  იქნება, ის უნდა იყოს მისაღები.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ამბის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიტანს იქიდან ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია, რასაც ისინი საუბრობენ. უფრო სწორად, მამა გიორგის ძმა რასაც საუბრობს. ეს მისი ხედვაა და მისი ინტერპრეტაციებია. ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა და თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ ამ შეხვედრის და თქვენც დარწმუნდებით, როგორ კარგად ერკვევა მისი უწმინდესობა სიტუაციაში. რატომღაც თორნიკე მამალაძე ისევ ცდილობს თქვას, რომ მისი უწმინდესობა რაღაც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის” – თქვა პატრიარქის მდივანმა.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, პატრიარქის პოზიცია უცვლელია, მისთვის მამალაძის დაკავება მოულოდნელი იყო და გამოძიების დასრულებას ელოდება:

“მისმა უწმინდესობამ ბრძანა მაშინაც და ახლაც იმავე პოზიციას აფიქსირებს. მისთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი ეს, რა თქმა უნდა, ასე თქვა მისმა უწმინდესობამ. ის კარგად იცნობდა მამა გიორგის და ის, რომ იგი დააკავეს, იყო მისთვის უდიდესი მოულოდნელობა, როგორც მისი უწმინდესობისთვის, ისე მთლიანად საპატრიარქოსთვის და ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ის, რა ბრალიც აქვს წარდგენილი მამა გიორგი მამალაძეს. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მხარე, ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ სიმართლეს, რომ გამოძიებამ დადოს სიმართლე, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და რა მზადდებოდა მისი უწმინდესობის წინააღმდეგ” – ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

მიქაელ ბოტკოველის თქმით, დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებს საუბარს არავინ აწყვეტინებდა. მამა დავით ჭინჭარაული საუბარში რამდენჯერმე ჩაერთო იმის სათქმელად, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის.

“მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მის მიმართ აქ ტენდენციურად განწყობილი არავინ არაა. ყველა ველოდებით სიმართლის დადგენას და არანაირი ბარიერები უწმინდესთან ურთიერთობების არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ კორექტულობა, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი  იმყოფებიან საქართველოს საპატრიარქოში და ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრონ საქართველოს საპატრიარქოს და, მით უმეტეს, მის უწმინდესობას” – თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს დღეს, 21 ივნისს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზის ძმამ განაცხადა, რომ პატრიარქი მამა გიორგის საქმეზე ინფორმაციას სრულად არ ფლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი