საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების თანახმად, იუსტიციის მინისტრი აღარ შეასრულებს პროკურორის უფლებამოსილებას:
“მთავარი პროკურპორი იქნება ნომერ პირველი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი აღარ შეასრულებს პროკურორის უფლებამოსილებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია მას ავალდებულებს გარკვეულ ხელმძღვანელობას პროკურატურის ორგანოებზე, მას დარჩება გარკვეული ფუნქციები. ბალანსი იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის სწორედ ამ კანონპროექტშია წარმოდგენილი.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ უმრავლესობა კანონში ვერ ერკვევა:
“თვითონ არ იციან პროკურატურის კანონი, მე რა უნდა გითხრათ, ეს არის ურთულესი წიაღსვლები და მე მიჭირს პასუხის გაცემა. მიუხედავად ჩემი დიდი გამოცდილებისა პარლამენტში, მიჭირს გავერკვიო, რა ხდება და ვინ ვის ებრძვის, და ვის უფრო მაგარი ზურგი აქვს. ახლა ისეთი წიაღსვლებია, რომ ნამდვილად ვერ ვიგებ, რა ხდება, ვის ებრძვიან. ეს იმიტომ ხდება, რომ პროკურატურა გაძლიერდეს, თუ იუსტიციის მინისტრი დასუსტდეს, თვითონ ვერ გაურკვევიათ და ამას კანონის სახეს აძლევენ.”
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში “პროკურატურის შესახებ კანონის” ორი ვარიანტი არსებობდა. ერთის ავტორი დავითაშვილია, ხოლო მეორის – ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა ამ უკანასკნელმა თავისი კანონპროექტი უკან გაიწვია. რაც შეეხება დავითაშვილის ინიციატივას, ის პირველი მოსენით უკვე მიიღეს და დღეს მეორე მოსმენა გაიმართება.