იუსტიციის სამინისტრომ მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან კანაფის კულტივირების შესახებ მუხლი ამოიღო. შესაბამისად, კანაფის დათესვა ისევ ჯარიმას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და ხანგრძლივი კამათის შემდეგ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელშიც ინიცირების შემდეგ რამდენიმე ცვლილება არის შესული. პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 16 ივნისს 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტი თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 300 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებდა, მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯარიმა არ შეიცვლება და 500 ლარი იქნება.
გარდა ამისა, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, მცენარე კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობა 1000 გრამით იყო განსაზღვრული, დღეს კომიტეტზე წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით კი ეს რაოდენობა 750 გრამია.
პროექტში უცვლელი რჩება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 160 საათამდე ვადით.
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები, ანუ 1 500 ლარზე ნაკლები.
იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ხოლო, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პირი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
პაკეტიდან ასევე ამოღებულია კანაფის დათესვის შესახებ მუხლი, რომლის თანახმად, ამ ქმედებისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, კანაფის კულტივირება პატიმრობას გამოიწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 14 მარტს, როცა პაკეტი მთავრობამ პარლამენტში წარსადგენად დაამტკიცა, მაშინ კანაფის დათესვის ნაწილზე ჩანაწერს არ შეიცავდა. ორი კვირის შემდეგ, 28 მარტს, იუსტიციის სამინისტრომ პაკეტი შეასწორა და დათესვაზე მუხლი დაამატა, ახლა კი კვლავ ამოიღო.
“პარლამენტმა და მთავრობამ აზრები გაცვალეს ამ საკითხზე და ითქვა, რომ უკეთესი იქნება ეს მუხლი უცვლელად დავტოვოთ,”- ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.
“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლი (კანაფის დათესვა და მოყვანა), საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის 10 მარტს გაასაჩივრა. მოსარჩელე ლაშა გაგიშვილია, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამათლოში არიან ვახუშტი მენაბდე და ზვიად მარკოიძე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანაფის დათესვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციასთან შეუსაბამობამოა.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა იყო სამინსიტროს მოზმადებული კანონპროექტის მიზანი.
მიმდინარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც იგივე გავრცელდება მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის შემთხვევაზე. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწევს კანონპროექტის დაწერა.