დღეს, 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გიორგი ოქროპირიძის პროცესი 10 ივლისისთვის გადადო. გადადების მოტივად ტექნიკური მიზეზი დასახელდა – პროკურორს არასწორად ჰქონდა პროცესის დრო ჩანიშნული და დააგვიანა.
ლაშა მახარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ორქროპირიძეს პროკურატურა ედავება, რომ სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც ის აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ, “ცრუ დასმენა” იყო.
თავად გიორგი ოქროპირიძე სასამართლო პროცესზე არ მოუყვანიათ – იგი სასამართლო პროცესიდან გაძევებულია. მსჯავრდებულის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მოსამართლემ პროცესიდან ოქროპირიძე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო გააძევა და არაერთი მიმართვის მიუხედავად უკან არ დაუბრუნებია.
სასამართლო პროცესი 15:00 საათზე იყო დანიშნული. დღეს უნდა დაკითხულიყო დაცვის მხარის მნიშვნელოვანი მოწმე – სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბათუმიდან, გიორგი ჩარკვიანი. ჩარკვიანი სპეციალურად დაკითხვისთვის დღეს სამსახურიდან გათავისუფლდა და ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა, თუმცა ის ვერ დაკითხეს. დაახლოებით 15:40-ზე პროკურორი ირაკლი ქარდავა ამ საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის ნაცვლად შემოვიდა სასამართლო დარბაზში და განმარტა, რომ ლაშა კოტროკაძეს სხდომის თარიღი შეცდომით, 15:00-ის ნაცვლად 16:00 საათზე ჰქონდა ჩანიშნული. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გახსნა სასამართლო სხდომა, თუმცა განაცხადა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში სხვა პროცესი ჰქონდა და ამ პერიოდში მოწმის დაკითხვა ვერ მოესწრებოდა. როდესაც პროკურორი ირაკლი ქარდავა სხდომის დარბაზში შემოვიდა, მან ბოდიში მოიხადა, მოსამართლემ კი უთხრა, რომ ბოდიშით ვითარებას ვერ გამოასწორებდა, რადგან დაახლოებით 40 წუთით დაიგვიანა. სხდომა 10 ივლისისთვის გადაიდო.
პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 7 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.
2015 წლის ივნისიდან უკვე 2 წელი გავიდა, “ცრუ დასმენის” საქმეზე კი მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ბრალდებულის ადვოკატის, თამარ ავალიანისა და დედის, ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, ოქროპირიძე ციხის თანამშრომელთა მხრიდან მუდმივ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელის გამოთხოვას აძალებენ.
გიორგი ოქროპირიძის საქმეში არსებული კითხვების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.