საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის უარს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის არ აპირებს, მარგველაშვილის თქმით, უკვე ნათელია, რომ ფუნდამენტური ცვლილება კონსტიტუციაში მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხორციელდება: არჩევის წესის შეცვლის თვალსაზრისით, მთავარსარდლის ფუნქციების შეკვეცის კუთხით და ასევე კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს ამოღების მრივ.
“მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზბეულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს და ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია, შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც კონსენსუსზე და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიუხედავად პრეზიდენტის უარისა, პარლამენტს საგანგებო სხდომის მოწვევა მაინც შეუძლია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა გვითხრა, რომ პარლამენტის მიმართვიდან 48 საათი გადის ოთხშაბათს, 10 საათზე, ამის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში, პარლამენტს უფლება აქვს შეიკრიბოს.
“ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით და კონსტიტუციური კანონის პროექტს ორი მოსმენით მივიღებთ”