ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის თითოეული შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია

9 ივნისი, 2017 •
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის თითოეული შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია და ზოგ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აქვს ადგილი, რაც დაზუსტდება.

კობახიძის განცხადებით, საბოლოო დასკვნა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტში სრულად აისახება.

„დასკვნის შინაარსი ჩვენთვის სრულად მისაღებია. დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები  და თითოეული შენიშვნა  ჩვენთვის მისაღებია. არაერთხელ განვაცხადეთ ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, რომ თითოეული შენიშვნა იქნებოდა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ეს პირობა, ბუნებრივია, რჩება ძალაში. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც  გვჭირდება შენიშვნების დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამ დაზუსტების შესაბამისად, ბუნებრივია,  გვექნება წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა და ეს საბოლოო დასკვნა იქნება სრულად ასახული წარმოდგენილ პროექტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში რჩება პირობა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე პირველი მოსმენით არ განიხილავენ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მოიწვევენ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე არ განვიხილავდით და ეს  პირობა ძალაში რჩება.  ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მორიგ სასესიო სხდომებზე არ განვიხილოთ დოკუმენტი, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ მოწვეული იქნება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გადავალთ მეორე მოსმენაზე. ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები სრულად ავსახოთ იმ დოკუმენტში, რომელიც არის წარმოდგენილი“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი