ახალი ამბები

პრეზიდენტი: ირაკლი კობახიძე შეცდომაშია შეყვანილი

10 აპრილი, 2017 •
პრეზიდენტი: ირაკლი კობახიძე შეცდომაშია შეყვანილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცდომაში შეიყვანეს:

“სულ ვამბობდი, რომ საკონსტიტუციო კომისიას დავეხმაროთ, საკონსტიტუციო კომიის წარმომადგენლები ჩემთან ერთად დადიან რაიონებში. ამ ფონზე, როდესაც ასეთი შეთქმულების თეორიის განცხადება კეთდება, მე მგონია, რომ ეს არის გარკვეულწილად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, მე არა მგონია, რომ მან ეს მოიგონა. მე შეთქმულებას აქ ვერ ვხედავ. არა მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული, მაგრამ როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და გეჩურჩულება, რამაც შეიძლება ასეთ შეცდომაში შეგიყვანოს”,- განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავდა ზოგიერთი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 აპრილს, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

“გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება. რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს განზრახული შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც დავიწყეთ ჩვენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს. საბოლოო შედეგი ამ მუშაობის იქნება ძალიან  დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი