“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, 2020 წლის საპაარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 3%-მდე დაწიოს, შერეული სისტემის შენარჩუნების ფონზე არსებულ მდგომარეობას არ ცვლის. როგორც ბაქრაძე ამბობს, აღნიშნულ ცვლილებას იმ შემთხვევაში შეაფასებდა პოზიტიურად, თუ მას ერთჯერადი სახე არ ექნებოდა და შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად დაწესდებოდა:
“ზოგადად, ბარიერის დაწევა, რა თქმა უნდა, იქნებოდა პოზიტიური. ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის, რომლის გაზიარებისკენ ჩვენც მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბარიერის დაწევა ემსახურება, უბრალოდ, ტკივილის შემსუბუქებას უმრავლესობისთვის. იმის გამო, რომ 2020-ში აღარ ხდება არაფერი, იმის გამო, რომ პროპორციულზე გადასვლა გადავიდა 2024 წლისთვის, იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას რაიმე ჰქონდეს სათქმელი ქვყენის შიგნით და განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორეისთვის, რომ რაღაც გაკეთდა, ამ მიზნით არის შემოღებული ერთჯერადად ბარიერის დაწევა 2020 წელს,” – ამბობს ბაქრაძე.
მისი თქმით, ეს ცვლილება არ ემსახურება ქვეყანაში ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას და ასეთ პირობებში ბარიერის დაწევა აზრს კარგავს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტიაში ჯერ არ იციან, დააყენებენ თუ არა “ქართული ოცნების” ალტერნატიულ წინადადებას. როგორც ბაქრაძე ამბობს, პარტიაში კარგად ესმით, რომ პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, 2020 წლამდე პროპორციული სისტემა ამოქმედდეს:
“ეს ყველაფერი უკვე იქნება ტაქტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რაც არ უნდა ალტერნატივა დავაყენოთ, კონსტიტუციას სჭირდება 113 ხმა და არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი უმრავლესობა არ არის – ეს გვესმის. კარგად გვესმის, რომ უმრავლესობის შიგნით მიღწეული შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, 2020 წელს აღარანაირი შანსი არ არსებობს ამ სისტემის ამოქმედების, მაგრამ პოლიტიკა ასევე ტაქტიკაც არის და ჩვენ შევეცდებით, რომ პარლამენტის სხდომებზეც და სხდომების გარეთად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რამდენად საზიანოა ქვეყნისთვის ამ პროცესის 8 წლით გადადგება. აქედან გამომდინარე ჩვენ, ბუნებრივია, ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალი სამი დღის განმავლობაში, როცა განხილვები იქნება. კონკრეტული ალტერნატივა თუ სხვა ფორმა, ამას უკვე ქუთაისში ყველა ერთად ვნახავთ,” – ამბობს ბაქრაძე.
20 ივნისს “ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტზე ჩამოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელისუფლება 2024 წლიდან გეგმავს.