სამინისტროს ცნობით, 17 თებერვალს ერთ-ერთ გათავისუფლებულ თანამშრომელ მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პირადად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, შეეწყვიტა საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და გამოეჩინა მისი თანამდებობისათვის აუცილებელი თავშეკავება და კორექტულობა, აღარ დაეცინა საჯაროდ საკუთარი თანამშრომლებისთვის და გაეთავისებინა, რომ მის პროფესიულ მოვალეობებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა იყო.

 

“იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მის გამგებლობაში შემავალი ყველა სფეროს მუშაკი არა ერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის სამსახურში უნდა იდგეს. მუხრან ბურჭულაძემ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ამასთან, მუხრან ბურჭულაძის მიმართ ა.წ. 18 მარტს შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს  გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ”, – განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

 

სამინისტრო კიდევ ორი დათხოვნილი თანამშრომლის შესახებ ავრცელებს ცნობას: “მანანა ნატროშვილისა და იმედო არჯევანიძის მიმართებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას აქვს იგივე პრეტენზიები და თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მანანა ნატროშვილის მიმართ ა.წ. 22 თებერვალს შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. თუმცა დღეს დილით იუსტიციის მინისტრი არ დაეთანხმა ამ ორი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას და მომცა ინსტრუქცია, ეს პროცესი შემეჩერებინა და მათთვის გამოსაცდელი პერიოდი მიგვეცა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამი თანამშრომელი საჯარო რეესტრის მუშაობის პარალიზებას შეეცადა და თანამშრომლებს გაფიცვისაკენ მოუწოდა, იუსტიციის მინისტრმა აზრი შეიცვალა და ეს ორი თანამშრომელიც ამ წუთიდან გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობებიდან”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

 

სამინისტროს ცნობით, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახური აგრძელებს მუშაობას და მოქალაქეების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება:

 

“პირიქით, მიმდინარე საკადრო ცვლილებები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის მოქალაქეებისადმი აგდებული დამოკიდებულება შეიცვალოს და ის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქის ინტერესისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იყოს ორიენტირებული.”

 

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომ საჯარო რეესტრი 16:00 სთააზე აპირებდა გაფიცვას, რაც “ნეტგაზეთს” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *