ნეტგაზეთი | კანონპროექტით, გზების დეპარტამენტს გზებთან ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა შეეძლება კანონპროექტით, გზების დეპარტამენტს გზებთან ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა შეეძლება – Netgazeti
RU | GE  

კანონპროექტით, გზების დეპარტამენტს გზებთან ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა შეეძლება

პარლამენტში დარეგისტრირდა კანოპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის ორივე მხარეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის უფლება ეძლევა.

“საავტომობილო გზების შესახებ” მომზადებული კანონპროექტის ავტორი რეგიონალური განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროა. ცვლილებების მიხედვით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს, არაუმეტეს 15 მეტრში, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე.

“ ხეების მოსაჭრელად, თუ ხეები მოქცეულია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს მიღმა, საჭიროა ადგილწარმოშობის ცნობის აღება, რომლის საფუძველზე ხდება ხე-ტყის მოჭრა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა. რეგულაციის მიღმა რჩება ის შემთხვევა, როდესაც უნდა მოიჭრას ისეთი ხეები ან მოხდეს ისეთი მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება, რომელიც არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში, ვინაიდან, არ არსებობს შესაბამისი ორგანო, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, საგზაო უსაფრთხოების მიზნით მოჭრას ხეები და მოახდინოს მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება. ასეთი ქმედების რაიმე სახის თანხმობის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, დეპარტამენტი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეგულაციის შემოღება,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამავე განმარტებით, გზის სავალ ნაწილზე ხშირია ხმელი ხეების და ტოტების ჩამოვარდნის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო გადაადგილებას და ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს.

“საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მძღოლების ორიენტირებისა და, შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოწყობილია სხვადასხვა დანიშნულების საგზაო ნიშნები, რომლებიც ხშირად იფარება ხის ტოტებით და აუცილებელია მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების ჩატარება იმისთვის, რომ საგზაო ნიშნები აღქმადი იყოს მძღოლებისათვის. “

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) ცენტრთან, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:

ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები (ახლის აშენება და არსებულის შეკეთება); მილსადენების, მელიორაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაყვანა და არსებულის შეკეთება;
სასოფლო-სამეურნეო და გეოლოგიური ძიების სამუშაოები; გარე განათების მოწყობა, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე სხვა კომუნიკაციების გაყვანა, გარდა ავარის შემთხვევაში აღდგენა- შეკეთების სამუშაოებისა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ სუბიექტებს; გამწვანების მოწყობა; დროებითი ნაგებობების (მოძრავი გასამართი პუნქტები, ჯიხურები, პავილიონები და სხვა დროებითი ნაგებობები) განლაგება;

სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; კაშხლების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა; მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება  3 კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ; მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება; ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა; მოძრაობის შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა და მიწის ნაკვეთებთან საგზაო მიერთების მოწყობა; საავტომობილო გზის გადაკვეთა მართობულად, როგორც ღია, ისე დახურული (გვირაბული) მეთოდით, ასევე საჰაერო წესით.“

“მიზანშეწონილი გახდა, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა ან მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეზღუდვის დაწესება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა მიწების გამოსყიდვის და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟისათვის,” – ვკითხულობთ კანონპროექტში.

ამასთან, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის ან მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, შეიძლება შეიზღუდოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების/საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მიმდებარე ტერიტორიას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამ პუნქტით დადგენილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისაგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.