ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქალები აფხაზეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ

19 ივნისი, 2017 •
ქალები აფხაზეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ

აფხაზეთის საზოგადოებრივი მოძრაობის  “აფხაზეთის ქალები” წევრები დღეს, 19 ივნისს, დილით, სახალხო კრების შესასვლელთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც დააკვირდება 13 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის ფაქტების გამოძიებას.

მალევე პარლამენტის წევრებმა სხდომათა დარბაზში მიიღეს შეკრებილები და მათგან მოისმინეს ყველა მოთხოვნა.

“ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას, ბრალდებულის ძმა დეპუტატია [ალმას ჯოპუა] და მას შეუძლია ხელი შეუშალოს გამოძიებას, რათა მისი ოჯახის რეპუტაცია არ შეილახოს. ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ, რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებაზე. მხარს უჭერთ ალმას ჯოპუას?”- მიმართა პარლამენტარებს ციზა გუმბამ, სამოქალაქო აქტივისტმა, რაზეც მიიღო დეპუტატ დმიტრი დბარის პასუხი, რომ პარლამენტის არც ერთი წევრი არ უჭერს მხარს ალმას ჯოპუას და არც ის იციან, რატომ არ ესწრება თავად დეპუტატი შეკრებას.

“არც თქვენ გენდობით, პატივცემულო დეპუტატებო. სწორედ თქვენ იყავით, ვინც აბორტის აკრძალვის შესახებ დისკრიმინაციული კანონი მიიღო. გვითხარით, აი, თუკი ეს 13 წლის გოგონა დაორსულდება ამ მოძალადისგან, მოუნდება კი მისგან შვილის გაჩენა?”- მიმართა დეპუტატებს მოძრაობა” ქალები აფხაზეთიდან” წევრმა ასიდა ლომიამ, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

დარბაზში ისმოდა იმ ქალების ხმებიც, რომლებიც ცდილობდნენ მოეყოლათ გოგონას მკვლელობის სხვა დეტალებიც. მათი განცხდებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ დეპუტატმა ალმას ჯოპუამ უბიძგა მამას დანაშაულისკენ, რათა საქმეს მოწმე ჩამოეშორებინა. თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ქალები, რომლებიც პარლამენტში მივიდნენ, ეს ინფორმაცია იმ მიზნით გაავრცელეს, რომ გამოძიებამ ესეც  გაითვალისწინოს.

“ამ გაუბედურებულ ოჯახს არავინ ჰყავს დამცველი, თუმცა მათ ზურგს მთელი აფხაზეთის საზოგადოება უმაგრებს. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს და იმასაც, თქვენ როგორ აკვირდებით ამ გამოძიებას. იმიტომ, რომ ეს უბედურება თავს დაატყდა არა მხოლოდ ერთ ოჯახს. ჩვენ ვზრდით შვილებს და მათი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვებრძვით ჩვენ ახლა მსგავს დანაშაულებს”, – განაცხადა ასიდა ლომიამ.

შეხვედრაზე ასევე მოვიდა ფსიქოლოგი ელანა კორტუა, რომელიც გაუპატიურებული არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა. სპეციალისტის განმარტებით, დადასტურებულია, რომ გოგონა გააუპატიურეს.

“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს გვერდით. თუმცა ეს შემთხვევა იმათაა უნიკალური, რომ დედა-შვილმა, მიუხედავად დამნაშავის მუქარისა, მაინც მიმართეს მილიციას. თუმცა თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს”, – უთხრა დეპუტატებს ელანა კორტუამ.

მსგავსი საუბრები პარლამენტის შენობაში პირველად გახმიანდა, ვინაიდან აფხაზეთის საზოგადოება და ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს ხოლმე, რომ აფხაზეთში ოჯახში ძალადობა არ არსებობს, და არასამთავრობო ორგანიზაციებს დასავლური გრანტების ათვისებაში ადანაშაულებენ.

სახალხო კრების სპიკერი ვალერი კვარჩია დამსწრეებს შეჰპირდა,  რომ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის საქმეების გამოძიებას დააკვირდება. გარდა ამისა, როგორც დეპუტატები შეჰპირდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, კონტროლის ქვეშ აიყვანენ  9 წლის ვერჯინე სურმენელიანის მკვლელობის საქმეს, რომელიც2013 წლის 2 დეკემებრს მოხდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დანაშაულებების გამოძიებას გააკონტროლებს პარლამენტში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი.

ქალთა ორგანიზაციების წევრები აფხაზეთის სახალხო კრების შენობაში დეპუტატებს ხვდებიან; 19.06.2017; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის, ალმაზ ჯოპუას ძმა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული. არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტიდან რამდენიმე დღეში ცეცხლსასროლი იარაღით თავში გასროლის შედეგად დაზარალებულის და მოკლული იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი