სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან: 175 პოლიტპატიმარი, 368 ქალი მსჯავრდებული, 21 მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა გასული წლის 21 დეკემბერს მიიღო , თუმცა აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც პარლამენტმა 28 დეკემბერს 91 ხმით დაძლია. აღნიშნულ კანონს ისევ არ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს 12 იანვარს მოაწერა ხელი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯავრდებულთა საქმეების ეტაპობრივად გადაგზავნა სასამართლოებში. ქვეყნის მასშტაბით სულ განსახილველია 18 500-მდე მსჯავრდებულის საქმე.
