ახალი ამბები

ბინას, სადაც ტრანსგენდერი ქალები ცხოვრობენ, ქვა ესროლეს და მინა ჩაუმსხვრიეს

19 ივნისი, 2017 •
ბინას, სადაც ტრანსგენდერი ქალები ცხოვრობენ, ქვა ესროლეს და მინა ჩაუმსხვრიეს

მარია კასენკო, ტრანსგენდერლი ქალი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს ქვა ესროლეს და ფანჯრის შუშა ჩაუმსხვრიეს. აღნიშნულ სახლში ანალოგიური ფაქტი 2017 წლის 1 მაისსაც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ნასროლი ქვით შუშა არ ჩამტვრეულა.

მარიას თქმით, დღეს, 19 ივნისს, როცა გაიღვიძა, აივანზე გასასვლელის ფანჯრის შუშა იყო ჩატეხილი და ქვა ჰქონდა ნასროლი. მისი თქმით, ქვა გამთენიისას, სავარაუდოდ 5-დან 6 საათამდე ესროლეს. მათ პოლიცია გამოიძახეს, ელოდებიან კრიმინალური პოლიციის მისვლას, რომლის შემდეგაც გაირკვევა, დაიწყება თუ არა გამოძიება.

ამ ბინას 1 მაისსაც დაესხნენ თავს. მაშინდელ თავდასხმას მოჰყვა მეზობლებთან დაპირისპირება. პოლიციამ ამ დაპირისპირების დროს 4 ადამიანი – 2 ტრანსგენდერი ქალი და 2 მეზობელი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

მარია კასენკომ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მეზობლებთან უსიამოვნება არ ჰქონიათ:

“თვენახევრის წინ იყო შემთხვევა, ეჭვის საბაბი არის. მეზობელსაც ვკითხეთ და გვიანობამდე არ ვიყავი სახლშიო. თან ისე აქვს ნასროლი, რომ ძალიან შორიდანაც ვერ მოახვედრებდნენ”, – ამბობს მარია კასენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი