ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა 2024 წელს მოგვიხდეს

19 ივნისი, 2017 • 2185
ირაკლი კობახიძე:  პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა 2024 წელს მოგვიხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე თანხმობას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. მისივე განმარტებით, რთული ვითარების გამო შესაძლოა პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავიდნენ.

ირაკლი კობახიძე კონსულტაციების პროცესის გართულებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისივე თქმით, უმრავლესობაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება:

“ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არა მომდევნო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს გადავიდეთ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩვენ კონსულტაციების სირთულის მხრივ ისეთივე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რა მდგომარეობაც 2015-2016 წლებში იყო. მაშინ მხოლოდ საფეხურეობრივად გახდა შესაძლებელი ინიციატივების წარდგენა. დღეს იმავენაირ რთულ მდგომარეობაში ვართ და შესაძლოა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოგვიხდეს.”

პარლამენტის თავმჯდომარე არაფერს გამორიცხავს და ამბობს, რომ კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, რა და როგორ იქნება.

“წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. გრძელდება კონსულტაციები და საპარლამენტო განხილვების დროს გამოიკვეთება, როდის და როგორ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი