ახალი ამბები

ხულორდავა მუხთარლის საქმეში ქართული სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს

16 ივნისი, 2017 •
ხულორდავა მუხთარლის საქმეში ქართული სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების პროცესში არაფერი უნდა გამოირიცხოს, მათ შორის, არც ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობა.

მან ასე უპასუხა ტვ პირველის ეთერში გადაცემა რეაქციის წმაყვანის, ინგა გრიგოლიას შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა ის საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას.

“მე არაფრის გამორიცხვა არ მინდა. არ მგონია, რომ ვინმე, რამე უნდა გამოვრიცხოთ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კითხვები. მე პირადად არანაკლები კითხვები მაქვს, შეიძლება არანაკლები სიმწვავის, ვიდრე ევროპარლამენტს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ნორმალურ ადამიანს და საქართველოს საზოგადოებას, პირველ რიგში, აქვს კითხვები. მე არ მინდა, დღეს რომ რაიმე გამოვრიცხოთ, თუ გამოვრიცხავთ, მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას? უნდა გამოვიძიოთ სრულფასოვნად. ეს იქნება ძალიან რთული საქმე”, – განაცხადა ხულორდავამ და დასძინა, რომ გამოძიება ტარდება.

მუხთარლის საქმეში საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების შესაძლო ჩართულობა გამორიცხეს იუსტიციის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი