ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სესიაშვილი: აფგან მუხთარლის საქმეში ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას გამოვრიცხავ

31 მაისი, 2017 •
სესიაშვილი: აფგან მუხთარლის საქმეში ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას გამოვრიცხავ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს.  მისივე თქმით, ეს საქმე ქვეყნის ღირსების საკითხია.

“კატეგორიულად ვგმობ ამ ფაქტს, მე გეტყვით პირდაპირ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი და ნამდვილად ყველა დაინტერესებული ვართ, იმდენად დადგინდეს ჭეშმარიტება, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. მესმის, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას, რადგან თავიდანვე ცხადია, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი საელმწიფოს ინტერესები შეილახა. კატეგრიულად გამოვრიცხავ აქ როგორც შინაარსობრივად, ისე რაიმე სხვა ფორმით ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას, რადგან ძალიან კარგად ვხვდებით [ყველა], რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის” – განაცხადა სესიაშვილმა “ტვ პირველში” სტუმრობისას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ  მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს.

“ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში.

“ამბობს, რომ რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა”.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი