დღეს, 16 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის მარიხუანისა და კანაფის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
“ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნვთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების” შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტმა მხარი მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსაც დაუჭირა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, პატიმრობა კანაფის დათესვისვისაც უნდა გაუქმებულიყო, თუმცა სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ დეპუტატებთან კონსულტაციის შედეგად კანონპროექტიდან ეს მუხლი ამოიღეს. შესაბამისად, მოქმედი კანონით კანაფის დათესვა ისევ ჯარიმას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
პარლამენტის მიღებული ცვლილებებით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, პირი ადმინსიტრაციული წესით, 500 ლარით დაჯარიმდება. კ ანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ჯარიმა 300 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ინიციატორების გადაწყვეტილებით ჯარიმა უცვლელი, 500 ალრი დარჩება.
ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.
update: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანაფის დათესვისა და მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას და დეკრიმინალიზაციას, რაც არასწორი. სათაური შეიცვალა.