ახალი ამბები

ვისთან და როგორ აპირებს უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შენებას

16 ივნისი, 2017 •
ვისთან და როგორ აპირებს უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შენებას

„შენების მოძრაობა“- ამ სახელწოდებით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი მოძრაობა წარადგინა, რომელიც პარტიად 2018 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდება. მოძრაობას ამბიციური გეგმები აქვს, ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, გამარჯვებას გეგმავს. კიდევ უფრო ამბიციურია გეგმა პოლიტიკური ველის ტრანსფორმაციის შესახებ. დღეს, 16 ივნისს, მოძრაობის ყველა წევრი იმას ამბობდა, რომ “შენების მოძრაობა” პრინციპულად და თვისობრივად ახალი ძალაა.

“რაც კარგია- ვუვლით, რაც ცუდია- ვცვლით, რაც გვაკლია- ვქმნით”- ეს არის მოძრაობის სლოგანი. სადამფუძნებლო პრინციპების მთავარი ნაწილია ის პოსტულატები, რაზეც მოძრაობის ყოველდღიური საქმიანობა იქნება დაფუძნებული :

[checklist]

  • ჯერ ქვეყანა, მერე პარტია;
  • ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება;
  • პრინციპულობა და არა სიჯიუტე;
  • ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა;
  • კონკურენცია და არა მტრობა;
  • კრიტიკა და არა შეურაცხყოფა;
  • შემკრებობა და არა გამთიშველობა;
  • კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა;
  • დიალოგი და არა მონოლოგი;
  • სიყვარული და არა სიძულვილი

[/checklist]

დავით უსუფაშვილმა დღეს ისიც განმარტა, თუ რა იგულისხმება პრინიპულად ახალ მიდგომებში, რაც ქვეყნის საფუძვლად არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას, არამედ მოქალაქეს მოიაზრებს:

“იგულისხმება ის, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს იმ ყველაფერს, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ შიდა კინკლაობაში, წინა ხელისუფლებების ნაშენების ნგრევაში, პოლიტიკურ სივრცეში პერსონალური ურთიერთობების გარკვევაში. ძალიან ხშირად მოქალაქეებს ვუყურებთ როგორც ამომრჩევლებს, რომელმაც ხმა აღარ უნდა ამოიღოს 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს გარემო. ჩვენი რწმენა იმაშია, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის საფუძველი უნდა იყოს ძლიერი მოქალაქე”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული მოძრაობის 26 წევრი, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. თუმცა ეს მხოლოდ მათი შემადგენლობის ნაწილია. მათ შორის არიან ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი ლევან აბაშიძე, განათლების, პოლიტიკის ექსპერტი; განათლების მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე; მოჭადრაკე ნინო გურიელი, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია; ბიზნესმენი და იურისტი გიორგი ეპიტაშვილი;  ბიზნესმენი და ეკონომისტი ტარიელ ზარანდია;  ისტორიკოსი გიორგი თაქთაქიშვილი; საჯარო მოხელე და ეკონომისტი მანუჩარ თოხაძე; სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია ლანდია; პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ხეჩინაშვილი და სხვები.

ფიზიკოსი და პოლიტიკოსი რეზო შავიშვილი შეკითხვას, რა იქნება მოძრაობის მთავარი მიზანი, ორი სიტყვით პასუხობს – სახელმწიფოს შენება. ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება, თუ საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ჩაერთვება. მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ადამიანების “ჩვენიანებად და ჩვენს მოწინააღმდეგებად დაყოფის ტენდენცია”.

ახალ მოძრაობაში  უსუფაშვილის ძველი თანაპარტიელებიც არიან. “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ახლებური მიდგომების მქონე მოძრაობის მთავარი პრინციპი თანამშრომლობა იქნება:

“პრინციპი იქნება თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია, კრიტიკა და არა კონფრონტაცია. კრიტიკა სრულიად აუცილებელია, კრიტიკა სჭირდება სხვებს. კრიტიკა გვჭირდება ჩვენც, მაგრამ უნდა შეგვეძლოს კრიტიკის მიღმა იმ რაციონალური მარცვლების დანახვა, რომელიც ამა თუ იმ პირის თუ პარტიის მოქმედებაშია”.

მოძრაობას ისეთი წევრებიც ჰყავს, რომლებიც ამჟამად სხვა პარტიაში არიან, მაგალითად, ასეთია კახა შარტავა, “ეროვნული ფორუმის” წევრი. იგი იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც მოძრაობას შეუერთდა:

“სისტემური ცვლილებების მიღწევას სეგმენტურად დაპარტიულებულები  და გათითოკაცებულები, რესურსგაბნეულები არ ვყოფნით წლების განმავლობაში და ერთი და იმავე წრეზე დავდივართ და, მართალი გითხრათ, ამოვიდა ეს ყველაფერი ხელში”, – ამბობს შარტავა.

“ეროვნული ფორუმის” წევრს საბოლოო არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს, როდესაც მოძრაობა პარტიად გადაკეთდება, თუმცა მანამდე რამდენიმე თვეა წინ.

მიუხედავად იმისა, რომ “შენების მოძრაობა” პარტიად ჯერ არ ჩამოყალიბებულა, აპირებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მერობის კანდიდატები თბილისში და სხვა ქალაქებში დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. მოძრაობის რიგებშია ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც თბილისის მერის, დავით ნარმანიას ყოფილი მოადგილეა. შეკითხვას, თავად ხომ არ იქნება მერობის კანდიდატი, ასე პასუხობს:

“ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ, ჯერჯერობით პერსონალურად ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა საუბარი, მაგრამ, ბუნებრივია, დიდი ალბათობით ის გამოცდილება , რომელიც მე შევიძინე თვითმმართველობის დონეზე მუშაობისას, ვფიქრობ, რომ გამოსაყენებელია და იქნება გამოყენებული”,- ამბობს ის.

დღეს დავით უსუფაშვილმა პარტიის დაფინანსების გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტია შემოწირულობებით დაფინანსდება, რომელთა შორისაც ახალგაზრდა ბიზნესმენები იქნებიან. მოძრაობის პრინციპია, ცოტა დაფინანსება მიიღოს ბევრისგან და არა პირიქით, ბევრი დაფინანსება ცოტასგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი