“მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება მამაკაცებში იწვევს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემცირებას, რაც სრულდება იმპოტენციით და უნაყოფობით,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა კობა ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე დეპუტატები კანაფის დათესვისა და მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. კობა ნაკაიძის განცხადებით, მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება ადამიანებს ფსიქიკურ პრობლემებს უქმნის:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ დეკრიმინალიზაციას და არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ჩემი შენიშვნები ისე გაიგოთ, თითქოს პრობლემას ვქმნი, მაგრამ კანონპროექტით განსაზღვრულ ოდენობებს ვერ დავეთანხმები. თუა გათვალისწინებული ის შედეგები, რაც მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად შეიძლება დადგეს? ხანგრძლივი მოხმარება მამაკაცებში იწვევს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემცირებას, რაც მთავრდება იმპოტენციით და უნაყოფობით. იწვევს არტერიების შევიწროებას, ინსულტებს. ფსიქოზების, შიზოფრენიის რისკი ორჯერ მეტად არის გაზრდილი. განსაკუთრებით საშიშია მეძუძური და ფეხმძიმე ქალებისთვის,” – განაცხადა კობა ნაკაიძემ.
მისივე აზრით, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება არასახარბიელოა და მეტი დაფიქრებაა საჭირო.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე (სსსკ–ის 265–ე მუხლი), მოყვანაზე ან კულტივირებაზე პატიმრობა უქმდება. ცვლილების მიხედვით, მარიხუანის დათესვა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160–დან 220 საათამდე ვადით.
გარდა ამისა, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი სახდელი (300 ლარი) წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.
_______________________________________________
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ რეპრესიული ნარკოპოლიტიკით ბრძოლას შედეგი არ მოაქვს. განვითარებული ქვეყნები პრობლემის მოგვარების გზად ნარკოდამოკიდებულ პირებზე ზრუნვასა და რეაბილიტაციას თვლიან.