დღეს, 15 ივნისს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.
კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს მისგან გამომდინარე ცვლილებებს 20 კანონში.
“ამ ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმამრთველი ერთეული, მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ახალ მუნიციპალიტეტებს დარჩება შერწყმული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი სრულად. მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად შედეგად დაზოგილი თანხები, ბიუროკრატიული ხარჯები დამატებით მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ, “ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა 14 ივნისს, კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე წარდგენისას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქები ცუდი არ არის, მაგრამ ამას გარკვეული სოციალური და ეკონომიკური გარემო სჭირდება, რაც იმ მომენტში არ ჰქონდათ, როცა რეფორმა განხორციელდა.
“რაც უფრო მეტი თვითმმართველი ქალაქი გვექნება, მით უფრო ძლიერები ვიქნებით, მაგრამ დღეს სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თანაბარ პირობებში განავითაროს ყველა ურბანული ტიპის დასახლება, ვგულისხმობ თვითმმართველ ქალაქებს. რა დააშავა ზესტაფონმა, რომელიც ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამბროლაური, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აქვს? არათანაბარ პირობებში ვახორციელებთ თვითმმართველი ერთეულების განვითარებას,” – აღნიშნა ლილუაშვილმა
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ. სერგო რატიანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს, რომ რეფორმა ჩავარდა, თუმცა ამის შემდეგ გონივრულ ნაბიჯებს არ დგამს:
“ჩვენ ამ სრულიად უაზრო, ხელოვნური დაყოფის წინააღმდეგი ვიყავით, როცა თქვენ ადექით და ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად გახლიჩეთ. ყველაფერს უკუღმა რატომ აკეთებთ, ვერ ვხვდები. ახლა გამოგაქვთ კანონი და ამბობთ, რომ სექტემბერში სტრატეგიას გამოვიტანთო. დღეს არ იცით, რა გზით მიდიხართ, “ – განაცხადა სერგო რატიანმა.
დეპუტატის თქმით, თვითმმართველი ქალაქების გაზრდამ გარკვეული პოზიტიური შედეგი მოიტანა:
“ხანდახან სიტყვის შემოტანა, ცნების შემოტანა ბევრ რამეს ცვლის, ამან შეცვალა რაღაც და ახლა საჭირო იყო რეფორმის განხორციელება. რატომ აბრუნებთ უკან? თვითმმართველი ქალაქების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. დეცენტრალიზაცია ის გზაა, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ქალაქები დავტოვოთ და ეს რეფორმა გავაგრძელოთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ, რა უფლებები ექნებათ, რა ქონება ექნებათ და სხვა. ამ მიმართულებით უნდა მივდიოდეთ, ” – ამბობს რატიანი.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 2013 წელს თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ თვითმმართველობის რეფორმა კარგი იყო, დღეს კი ირწმუნება, რომ ეს რეფორმა არც ისე კარგი გამოდგა:
“ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ სრულიად გაუაზრებლად და სპონტანურად ვიწყებთ რეფორმებს. მე მაშინ ჟურნალისტი ვიყავი და ამ რეფორმას პროპაგანდირებდით როგორც ძალიან პროგრესულს. რა გარანტიას გვაძლევთ, რომ გაისად არ მოხვალთ და არ იტყვით – თვითმამრთველი ქალაქების სტატუსი უნდა აღვადგინოთო? სტაბილურობას რაში უნდა გრძნობდეს მოსახლეობა? ყველა ქალაქში, სადაც ჩვენ ვიყავით, ხალხი ეწინააღმდეგება სტატუსების გაუქმებას,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.