ახალი ამბები

ადა მარშანია: თბილისს აინტერესებს რეგიონების უფროსობა, “კამანდრობა” და “ნაჩალნიკობა” [ვიდეო]

14 ივნისი, 2017 •
ადა მარშანია: თბილისს აინტერესებს რეგიონების უფროსობა, “კამანდრობა” და “ნაჩალნიკობა” [ვიდეო]

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრის, ადა მარშანიას განცხადებით,  საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოში ნამდვილი თვითმმართველობა არ ყოფილა, რადგან თბილისს, როგორც პოლიტიკურ ცენტრს, უფრო რეგიონების უფროსობა, “კამანდრობა” და “ნაჩალნიკობა” აინტერესებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობენ. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ადა მარშანიამ განაცხადა, რომ  საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოში ნამდვილი თვითმმართველობა არ ყოფილა, არც მისწრაფება არსებობდა რომელიმე ხელისუფლების დროს და არც ახლა არსებობს.

“თბილისს, როგორც პოლიტიკურ ცენტრს, უფრო უნდა და აინტერესებს რეგიოენბის უფროსობა, კამანდრობა, ნაჩალნიკობა, ასე ვიტყვი მე, უბრალო სიტყვებით, და არა მართვა. რეგიონებს უნდა მართვა. ეს არის ყველაზე რთული რამ. ეს სურვილი არ არის. ჩვენ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური ჯგუფების მორჩილი ხალხი კი არ უნდა გვყავდეს, არამედ რასაც ჰქვია ადგილობრივი, რეგიონული ლიდერი, ” – აღნიშნა მარშანიამ.

კანონრპროექტის თანახმად, შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი. სტატუსი თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდება.

“განსახორციელებელი ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების განვითარებას ერთიანი ხედვით, ეფექტური მართვის ხელშეწყობას და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოცილაურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამასთან, კანონის პროექტის მიღება გააუმჯობესებს ხარჯვის ეფექტურობას. იმის გათვალსიწინებით, რომ მუნიციპალიტეტების ქალაქად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, განვითარებაზე მიმართული ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის და განვითარების კომპლექსურ, ერთიან ხედვას,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

125–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი. ვრცლად NGO-ების შეფასება და შენიშვნები იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი