ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს. რეზოლუციის საბოლოო ტექსი ევროპარლამენტში ხვალ დამტკიცდება, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ქართული მხარის მხრიდან საქმეზე გამოძიების დაწყებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუხთარლის საქართველოში გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო არალეგალური გადაყვანის საქმე გამოიძიოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა. ევროპარლამენტარები მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებენ.
ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საკუთარ ოჯახს საქართველოში დაუბრინდეს.
დებატები რეზოლუციის პროექტზე ევროპარლამენტში ხვალ, 15 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ევროპარლამენტარები საერთო პროექტს მოამზადებენ და კენჭს უყრიან.
თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან ერთად, რომელიც ბაქოშია დაკავებული, ევროპარლამენტარები აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის შესახებაც იმსჯელებენ.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.