სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია #115”-ის წევრების განცხადებით, მარიამ ჯაშის შეხვედრაზე ნათქვამიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ცდილობს ისინი დააშანტაჟოს.
“რკინიგზის ახალი პროფკავშირის” წევრის, პაატა ნინუას ცნობით, გუშინ, 13 ივნისს, ფრიდრიხ ებერტის ფონდში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, პარლამენტის წევრმა, მარიამ ჯაშმა, კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია განათლების შესახებ კანონპროექტი, უპასუხა, რომ ფილარმონიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მას გაუჭირდება დაარწმუნოს სხვა პარლამენტარები, რომ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს.
“ერთ-ერთმა სტუდენტმა იკითხა, თუ რა ეტაპზე არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. ჯაშის განცხადებით, ფილარმონიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კოლეგებს შორის ვერ მონახავდა თანამოაზრეებს, რომლებიც განიხილავდნენ კანონპროექტს”, – ამბობს პაატა ნინუა.
ნინუას თქმით, პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვის ჩაშლა მარიამ ჯაშმა პოლიტიკური პარტიის მიერ მართულ პროცესად შეაფასა.
“მისმა ნათქვამმა ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ დასაჯეს სტუდენტები იმის გამო, რაც მოხდა ფილარმონიაში”, – ამბობს პაატა ნინუა.
თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა “აუდიტორია #115”-მა ჩაშალა.
“აუდიტორია #115″-ის წევრმა, გიორგი არობელიძემ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მიიღონ კანონპროექტი, რომელიც პროგრესულია.
,,ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და იმის მიუხედავად, გავა თუ არა ეს კანონი, ხმამაღლა ვისაუბრებთ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე. ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც ცენზურის დაწესებად აუდიტორია #115-ის მიმართ, კანონპროექტით ვაჭრობას და შანტაჟს,” – განაცხადა გიორგი არობელიძემ.
არობელიძის თქმით, ჯაშმა მიანიშნა იმის თაობაზეც, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გადავადდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რათა მანამდე აუდიტორია #115 ჩუმად იყოს.
პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ დასჯა არც კი უხსენებია, თუმცა ადასტურებს, რომ კანონპროექტი გადაავადა საშემოდგომო სესიისთვის.
“სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, პოლიტიკურ ლექსიკონში. ამდენად, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ინტერპრეტაცია, რომელიც მიეცა ჩვენს შეხვედრას. ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო განცხადებების ფორმით გვიწევს დიალოგი. სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის განხილვა ბოლომდე მივიდეს და, შესაბამისად, ვაგრძელებ მუშაობას საშემოდგომო სესიისთვის. მე არც მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. ძალიან გულდასაწყვეტი და არასერიოზულია, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშის განმარტებით, იგი უპირობოდ მოითხოვს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა თავისუფალი იყოს პოლიტიკური ნაწილისაგან.
” მე, როგორც ავტორი აღნიშნული კანონპროექტის, 3 თვის მანძილზე ვმუშაობდი სტუდენტებთან, ჩემთვის არის უპირობო მოთხოვნა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენლისგან იყოს თავისუფალი აღნიშნული პროცესი. ამიტომ მე პირადად, როგორც ავტორმა, მივიღე გადაწყვეტილება არა გამოწვევის და არა შეჩერების, არამედ კანონპროექტის გადავადების საშემოდგომო სესიისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენლისგან. ეს არი ჩემი პოზიცია”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კანონპროექტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: