ახალი ამბები

აკაკი ზოიძე: ნარკოპოლიტიკის მიმართულებით უფრო თამამი და მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

14 ივნისი, 2017 •
აკაკი ზოიძე: ნარკოპოლიტიკის მიმართულებით უფრო თამამი და მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დადგა დრო, როცა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით უფრო თამამი და მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

დეპუტატის თქმით, მსოფლიო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ ნარკოდანაშაული და ნარკოტიკებით გამოწვეულ ზიანი მხოლოდ რეპრესიებით ვერ შემცირდება:

“საერთაშორისოდ აპრობირებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით თამამი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, ადამიანზე ორიენტირეუბლი იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც “ქართული ოქნება” ატარებს. მარიხუანის და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა ამ მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,” – აღნიშნა ზოიძემ.

მისივე განცხადებით, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი პაკეტის ინიცირება, რომელიც კომიტეტმა დარგის სპეციალისტებთან და ნარკოტიკების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად მოამზადა:

“ამ კანონპროექტის სულისკვეთება გამოიხატება სამი ძირითადი მიდგომით: ნარკომომხმარებელი არ არის კრიმინალი, თუ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს და სხვა დანაშაულს არ ჩადის; შესაბამისად, ის ციხეში გამომწყვდევით კი არ უნდა დავსაჯოთ, არამედ უნდა ვუმკურნალოთ.

მეორე პრინციპია – არანაირი კომპრომისი, მეტიც, კანონის  კიდევ უფრო გამკაცრება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ნარკოტიკების გამსაღებლებთან მიმართებაში, მათ შორის, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან.

და მესამე პრინციპი – პრევენცია. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშობა, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარ ფრონტად უნდა იქცეს,” – განაცხადა ზოიძემ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე –

რას შეცვლის ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საკანონმდებლო ინიციატივა

რა შემთხვევაში აღარ დაგაპატიმრებენ, თუ მარიხუანას დათესავთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი