ახალი ამბები

რატიანი: სანამ აფგან მუხთარლის საქმე გამოუძიებელია, მთელ ქვეყანას ტომარა აქვს გადაფარებული

14 ივნისი, 2017 • 1651
რატიანი: სანამ აფგან მუხთარლის საქმე გამოუძიებელია, მთელ ქვეყანას ტომარა აქვს გადაფარებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის თქმით, სანამ აფგან მუხთარლის საქმე გამოუძიებელია, მთელ ქვეყანას თავზე ტომარა აქვს გადაფარებული. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ სრულიად ცხადი გახადა ქართული ოცნების ხელისუფლების სამარცხვინოს საქმე და სახე. ეს სახე თანდათანობით ცნობილი ხდება საერთაშორისო მასშტაბითაც და ამან ძალიან დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული, მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა.  ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს, უმრავლესობას გაქვთ გადაფარებული ტომარა და საით მიგაქანებენ დღეს,  არც იცით,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის თქმით, აფგან მუხთარლის საქმეში რამდენიმე ერთმანეთზე უარესი შესაძლო ვარიანტები არსებობს:

“კაცმა არ იცის, რა უფრო უარესია თქვენთვის და საქართველოსთვის. ის, რომ აზერბაიჯანის სპეცსასმახურებმა მოიტაცეს თბილისის ცენტრიდან ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ჩამოშლილია და იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის იმიჯი არ არსებობს. მაგრამ ყველასთვის უფრო ცხადი ხდება, რომ ეს ადამიანი საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.”

სერგო რატიანის თქმით, საზოგადოების მორალური შეურაცხყოფა იყო ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება, რომ მუხთარლი ჟურნალისტი არ იყოს:

“ფარისევლობა იყო პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ მოქალაქეობა მიეცათ აფგან მუხთარლის ოჯახისთვის. ეს საქმე არის “ქართული ოცნების” დანაშაული, რასაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას არ შეარჩენს. ყველაფეი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული,” – აღნიშნა რატიანმა.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ჟურნალისტებმა არაერთი აქცია გამართეს აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისიდან სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას დამაჯარებელი პასუხები მოთხოვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც აფგან მუხთარლის შსაძლო გატაცებას უკავშირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი