პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
კანონრპროექტის თანახმად, შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი. სტატუსი თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდება.
“განსახორციელებელი ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების განვითარებას ერთიანი ხედვით, ეფექტური მართვის ხელშეწყობას და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოცილაურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამასთან, კანონის პროექტის მიღება გააუმჯობესებს ხარჯვის ეფექტურობას. იმის გათვალსიწინებით, რომ მუნიციპალიტეტების ქალაქად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, განვითარებაზე მიმართული ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის და განვითარების კომპლექსურ, ერთიან ხედვას,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა თავიდანვე მნიშვნელოვანი ხარვეზებით დაიწყო:
“რეფორმა ჩანასახშივე განწირული იყო, ვინაიდან როდესაც ამ რეფორმას იწყებ, უნდა არსებობდეს მზაობა ეკონომიკური, მენტალური და ტრადიციული თვალსაზრისით. სასურველი იყო, გამიჯნულიყო ქალაქისა და თემის ქონებები; ერთი და იმავე შენობაში არ მჯდარიყო ქალაქისა და თემის ადმინისტრაცია; სასურველი იყო, სახელები მსგავსი არ ყოფილიყო. მეც ვიბნევი ხოლმე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი,” – განაცხადა ლილუაშვილმა.
დეპუტატის აზრით, თვითმმართველობის რეფორმას მთელი რიგი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა, რაც უზარმაზარი თანხების დახარჯვას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს გრიგოლ ლილუაშვილი, რომ რეფორმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
125–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი. ვრცლად NGO-ების შეფასება და შენიშვნები იხილეთ ამ ბმულზე.