ახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგიები

რას გვთავაზობს და რა ბიზნეს-მოდელი ექნება პირველ ქართულ კერძო ობსერვატორიას

13 ივნისი, 2017 •
რას გვთავაზობს და რა ბიზნეს-მოდელი ექნება პირველ ქართულ კერძო ობსერვატორიას

ასტროფოტოგრაფი და რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ ბაზალეთში პირველი კერძო ობსერავატორიის სამშენებლო სამუშაოები და ტექნიკის გამართვა წლის ბოლოს დასრულდება. რა სერვისს შესთავაზებს ობსერვატორია მომხარებლებს და როგორია მისი ბიზნეს-მოდელი?

“რამდენიმე წელია, რაც ასტროფოტოგრაფიით დავინტერესდი. პირველი წელი თბილისიდან ვიმუშავე. დიდი ქალაქიდან ცის გადაღება ძალიან რთული ამოცანაა, ყველაფერი ხელს გიშლის, განათება, სმოგი, ჰაერის ტურბულენტობა. ამიტომ, GeoAstro ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ დავიწყეთ ქალაქგარეთ, ბნელი ადგილებიდან გადაღება. ხშირად ვსტუმრობდით (და ვსტუმრობთ) აბასთუმანს, კახეთს და სხვა გაუნათებელ ადგილებს.

ამ მოგზაუროებების დროს დაგროვდა საკმაოდ ბევრი ადგილის ასტრონომიული მონაცემები. ბაზალეთი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ამ მხრივ. თბილისიდან სიახლოვემაც ითამაშა როლი ადგილის შერჩევაში”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დავით დვალი, რომელმაც პროექტის განხორციელებისათვის ბათუმში საკუთარი ბინა და კომერციული ფართი გაყიდა.

“გადაწყდა ბაზალეთში სტაციონარული ობსერვატორიის აშენება. ეს იქნება პირველი კერძო ობსერვატორია საქართველოში. სამშენებლო სამუშაოები და ტექნიკის გამართვა წლის ბოლომდე დასრულდება”.

“დვალის განმარტებით, ობსერვატორია წარომოადგენს ROR – Roll off Roof ტიპის შენობას, სადაც 6 სადგარი და ტელესკოპი განთავსდება. მისივე თქმით, ობსერვატორიის გამოყენება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება.

“პირველ რიგში, ეს GeoAstro-ს ასტროფოტოგრაფიისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე ყველასთვის, ვისაც სურვილი ექნება, რომ ამ საქმით მომავალში დაკავდეს. ჩვენი ჯგუფი ამჟამად შეზღუდულია რესურსებით და ბევრ მსურველს უარს ვეუბნებით. ეს პრობლემა დიდწილად მოგვარდება.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – საგანმანათლებლო მიმართულებაა. ვგეგმავთ ექსკურსიების მოწყობას სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ძალიან მინდა ასტრონომიის პოპულარიზაციას ხელი შევუწყო… ასევე გეგმაშია ღია კარის დღის მოწყობა (უფრო სწორად ღამის ) ყველა მსურველისთვის, გარკვეული პერიოდულობით”, – ამბობს დვალი და დასძენს, მისი სურვილია, რომ საქართველოში ასტრონომიას უფასოდ აზიაროს დაინტერსებული ადამიანები. რაც შეეხება კომერციულ გათვლას და ბიზნეს-მოდელს, დვალი ამბობს:

“არის კიდევ ერთი მიმართულება – რობოტიზირებული სისტემების აწყობა და ტესტირება, რაც საშუალებას მოგვცემს კომერციულ განვითარებაზე ავიღოთ ორიენტაცია. ბიზნეს-პროექტი არის უფრო უცხოეთზე ორიენტირებული – რობოტიზირეული სისტემის გამოყენებით დისტანციური მუშაობა. საქართველოში ამ ეტაპზე ვთვლი, რომ აჯობებს უფასოდ ვაზიაროთ ასტრონომიას. დღეს ასტრონომია ზოგადად, განსაკუთრებით კი, ასტროფოტოგრაფია ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში. ტექნოლოგიების განვითარებამ მისაღებ ზღვრებამდე დაწია აპარატურის ფასი. ამჟამად ასტროფოტოგრაფიის ბუმია მსოფლიოში, თუმცა მომხმარებლების უმრავლესობა მოკლებულია პირობებს – როგორც წესი, ისინი დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.

ამ მოთხოვნაზე გაჩნდა წინადადებაც – ობსერვატორიები დისტანციური მართვით. დღეს უკვე უამრავი მსგავსი ობსერვატორიაა გახსნილი მსოფლიოში და სოკოებივით მრავლდება. წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ აშშ-ის ან ევროპის რომელიმე დიდი ქალაქში. გაქვთ სურვილი, ასტროფოტო გადაიღოთ. მსგავსი ტიპის რობოტიზირებული ობსერვატორია გაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად,  ინტერნეტით დაუკავშირდეთ ობსერვატორიას და იქირავოთ გარკვეული დროით: ერთი საათით ან მთელი ღამით.

ძალიან ბევრი ასეთი  ტიპის ობსერვატორიაა განლაგებული ნიუ-მექსიკოს შტატში, შედარებით ნაკლები – ესპანეთში, ევროპა უკვე გადანათებულია. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვაზე, ნიუ-იორკელ ასტრომოყვრაულს (ან პროფესიონალს) ღამის თევა არ მოუწევს – მათ სამუშაო საათებს ემთხვევა ჩვენთან ღამე. ვფიქრობ, ამ პროექტს კარგი მომვალი აქვს და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაფართოების გემგმებიც მაქვს”, – ამბობს დავით დვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი