„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა(EMC)“ 2017 წელს გახმაურებული სამი სისხლის სამართლის საქმე (შოთა პაკელიანი, დავით ხარშილაძე, მიხეილ თათარიშვილი) შეისწავლა. სამივე საქმე შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას. ამ საქმეებში ბრალდებული პირები და მათი ადვოკატები საქმის საწყისი ეტაპიდანვე საუბრობდნენ არაერთ პროცედურულ დარღვევაზე და გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე. სწორედ ეს გახდა ამ საქმეების შესწავლის მიზეზი.
EMC-ის მხრიდან საქმეთა შესწავლის მიზანი არ ყოფილა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენა. კვლევის მიზანს ხსენებულ საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა წარმოადგენდა.
სამართლებრივი შეფასება
კვლევის მიხედვით, სამივე შემთხვევაში მოქალაქეთა ჩხრეკა ანონიმურად მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაუდებელი აუცილებლობით მოხდა და ბრალდებულები (ხარშილაძე და თათარიშვილი) მიუთითებდნენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების რეალური საფუძველი არ არსებობდა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ასეთი საფუძვლის არსებობას საქმის მასალებიდან გამომდინარე ის გარემოებაც ეჭვქვეშ აყენებს, რომ საგამოძიებო ორგანო ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში ახდენს გასაჩხრეკი პირის ადგილმდებარეობის დადგენას და მის პირად ჩხრეკას, რაც მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის მიღებას და შემდგომი პროცედურების ჩატარებას. პაკელიანის შემთხვევაში ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან მის პირად ჩხრეკამდე დროის შუალედი 10 წუთს, ხარშილაძის შემთხვევაში 4 წუთს, ხოლო თათარიშვილის შემთხვევაში 30 წუთს შეადგენს.
“ამ უკანასკნელ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიული ინფორმაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მიიღო, თავად თათარიშვილი კი დაბა სურამში იმყოფებოდა და მისი ჩხრეკა ბათუმიდან თბილისისკენ მომავალმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს, 30-წუთიანი ინტერვალი ინფორმაციის მიღებასა და საგამოძიებო მოქმედებას შორის ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს.”
მოქმედი კანონმდებლობით, ოპერატიული ინფორმაციის წყაროს გადამოწმება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არც ერთ სტადიაზე არ ხდება არც საპროკურორო და არც სასამართლო ზედამხედველობით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, საგამოძიებო მოქმედების დასაწყებად ეს საფუძველი რეალურად არსებობდა თუ არა.
სამივე პირის ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარდა და სასამართლოს მიერ ამის შემდეგ მოხდა პირადი ჩხრეკის დაკანონება.
„სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის დაკანონებასთან დაკავშირებით მორიგ პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და ფორმალურ მსჯელობაზე დაყრდნობით საგამოძიებო მოქმედების კანონიერად მიჩნევა. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეები – პოლიციის თანამშრომლები და გასაჩხრეკი პირები სამივე შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ პირადი ჩხრეკის ადგილის, დროისა და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის შესახებ.”
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მტკიცების სტანდარტის პრობლემა
კვლევის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების მოპოვების/შეძენის ნაწილში ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვეთად და ბრალდების გასაძლიერებლად.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის შესწავლის მიზნით EMC-ის მიერ გამოთხოვილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც პირი მსჯავრდებულად ცნეს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის. ასევე გადაწყვეტილებები, სადაც იმავე ბრალდების ნაწილში სასამართლომ გამოიტანა ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება. გამამტყუნებელი განაჩენების შესწავლით გამოვლინდა, რომ სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ გაამახვილა ყურადღება ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროსა და ვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირდაპირ იყო მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების გამოძიების მიერ დაუდგენლობის შესახებ.
“ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მიმართ სასამართლოს პრაქტიკა, ბრალდების მხარის მსგავსად, ფაქტობრივად, არ ამახვილებს ყურადღებას ნარკოტიკული საშუალების შეძენის/მოპოვების გარემოებებთან დაკავშირებით და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის თაობაზე მითითებას საკმარისად მიიჩნევს ამ ქმედებისთვის პირის ბრალეულობის დასადასტურებლად. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება ბრალდებულის სასარგებლოდ ყველა ეჭვის გადაწყვეტისა და ბრალდების მხარის მიერ ბრალდების მტკიცების ვალდებულების პრინციპს. სამწუხაროდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი მიუთითებს, რომ ამ ნაწილში ეფექტური სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება და საგამოძიებო ორგანოებისთვის მტკიცების ტვირთი შემსუბუქებულია,” – ვკითხულობთ კვლევაში.
ძალის გადამეტების და თვითნებობის პრობლემა
შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შსს ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ვინაიდან დაკავებული პირები მიუთითებდნენ ჩხრეკისა და დაკავების დროს მათ მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე, ასევე, პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.
კვლევის ავტორების აზრით, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია პირის დაკავების მომენტიდან მის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მოპყრობის გარე კონტროლი, რაც სხვადასხვა გზით მიიღწევა. მათ შორისაა შსს-ს დაქვემდებარებულ ორგანოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა, იმ ადგილების სრული მეთვალყურეობით უზრუნველყოფა, სადაც დაკავებულ პირებს უწევთ ყოფნა.
“ამასთან, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების ინფორმაციის სახით ავტომატურ რეჟიმში ჩაწერა და გარკვეული გონივრული ვადით შენახვა. ასევე, აუცილებელია პოლიციის ყველა იმ თანამშრომლის აღჭურვა ფორმაზე დამაგრებული ვიდეომოწყობილობებით, რომლებიც უშუალო კონტაქტში არიან მოქალაქეებთან.”
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია იზოლატორში შესახლებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმება კონფიდენციალურ გარემოში, იზოლატორის თანამშრომლების დასწრების გარეშე მხოლოდ ექიმის მონაწილეობით.
შესწავლილი საქმეების საერთო შეფასება
კვლვის მიხედვით, განხილული საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა აჩვენა სისტემური პრობლემები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას ბრალდებული პირების მიმართ.
“საქმის მასალების შესწავლით გამოვლინდა როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა. საგამოძიებო ორგანოების თვითნებობის წინააღმდეგ სათანადო კონტროლის საკანონმდებლო მექანიზმის არარსებობა და საქმის მასალებში გამოკვეთილი მთელი რიგი სამართლებრივი დარღვევები, მათ შორის, ერთიანი ხელწერა, ქმნის უნდობლობის საფუძველს ამ საქმეებში მართლმსაჯულების ობიექტურად და სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით.”
კვლევის ავტორების განმარტებით, ასეთი შეფასების საფუძველს იძლევა საქმეთა შესწავლის შედეგად გამოკვეთილი შემდეგი გარემოებები:
- სამივე საქმის დაწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება. ასევე, ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან არაგონივრულად მოკლე დროში ბრალდებულების ჩხრეკის განხორციელება;
- სამივე საქმეში ჩხრეკის ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობით, რომლის დაკანონებისასაც სასამართლოს არ შეუფასებია კანონმდებლობით დადგენილი სტადნარტის არსებობა;
- პაკელიანის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფომრაციის საფუძვლეზე, რაც საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს;
- პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაციის არსებობა, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება;
- ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დროისა და ვითარების შესახებ მსჯელობისა და მტკიცებულებების სიმცირე;
“შესწავლილი საქმეების ანალიზი მიუთითებს, რომ პოლიციის საქმიანობაში ადგილი გვაქვს სერიოზულ პრობლემებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, ფართოდ არის გავრცელებული სისტემაში. ის ერთგვაროვანი ხელწერა, რომელიც ამ საქმეებს ახასიათებს, გვაფიქრებინებს, რომ გამოვლენილი ხარვეზები ერთეული შემთხვევები არ არის,” – ამბობს სოფო ვერძეული, EMC-ის იურისტი.
EMC-ის რეკომენდაციები
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პარლამენტს, სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
საქართველოს პარლამენტს:
- განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება/დამატებები “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას და ოპერატიული ინფორმაციის წყაროს; ასევე, მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, საკითხის განხილვისას დაკითხოს საგამოძიებო მოქმედებების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი და ამ ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილე სხვა პირები, საგამოძიებო მოქმედების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას არსებული გარემოებების თაობაზე;
- განხორციელდეს ცვლილებები საპროცესო კანონმდებლობაში, რათა საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკის) ადრესატს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე;
- განხორციელდეს ცვლილებები საქართველის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას მის მიერ ჩხრეკის ჩატარების დროს, მათ შორის, განხილული იქნეს დამსწრეთა ან ამ მექანიზმის ალტერნატივის შემოღების საკითხი, ასევე, საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხი;
- შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტების დროულად და ეფექტურად გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით;
საერთო სასამართლოებს:
- გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხის განხილვისას, სასამართლომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების ხარისხიანი განხორციელება და საქმის საფუძვლიანი შესწავლა. კერძოდ, კანონის მოთხოვნების საპასუხოდ, ადეკვატურად მოახდინოს საგამოძიებო ღონისძიებების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების, მათ შორის, კანონით დადგენილი სტანდარტის არსებობის შემოწმება;
- ნარკოტიკული დანაშაულების განხილვისას სათანადო ყურადღება გაამახვილოს ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობის, შეძენების დროისა და ვითარების საკითხზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სამართალდამცავ ორგანოებს:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის ბრალდების დროს საგამოძიებო ორგანომ განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დადგენის მიზნით;
- უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის უფლებების დაცვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, მათ შორის ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების დროული ხელმისაწვდომობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფისთვის გაიზარდოს გამომძიებლებისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა და დადგინდეს სავალდებულო უმაღლესი იურიდიული განათლების კრიტერიუმიუმი;
- პოლიციის აკადემიამ უზრუნველყოს მოქალაქეებთან კომუნიკაციის, ადამიანის უფლებების საკითხების, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხებში მრავალჯერადი გადამზადება და ხარისხის შეფასება;
- პოლიციის ყველა დანაყოფი, რომელსაც უშუალო შემხებლობა აქვს მოქალაქეებთან, აღიჭურვოს სამხრე ვიდეოკამერებით. ასევე ვიდეომეთვალყურეობა დაწესდეს პოლიციის ყველა განყოფილებაში, მათ შორის, იმ სივრცეებში, სადაც პირების გამოკითხვა ან დაკავებულის მოთავსება ხორციელდება;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უზრუნველყოს პროაქტიული შიდა მონიტორინგის განხორციელება ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლენის მიზნით.
- პროკურატურამ გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საგამოძიებო პროცესზე, მათ შორის, არასათანო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე.