ახალი ამბები

„სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება მის საკუთრებაში არსებულ პანტომიმის თეატრზე

7 მარტი, 2013 • 1963
„სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება მის საკუთრებაში არსებულ პანტომიმის თეატრზე

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, საკუთრებაში გადაეცა რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ნანგრევები, ასევე, რუსთაველის 37 -ში მდებარე პანტომიმის თეატრის ფართი  საინვესტიციო პირობებით, რომელიც ითვალისწინებს „ანდროპოვის ყურების“ ადგილას არასაცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობას და არანაკლებ 2.000.000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტირებას.


როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედნის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის უკვე 2.000.000 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.


“აუქციონზე 18.749.000 აშშ დოლარად შეძენილ ფოსტა-ტელეგრაფის შენობიდან კერძო პირების ფართით დაკმაყოფილებაში გადავიხადეთ 5.100.000 აშშ  დოლარზე მეტი, ხოლო შენობის შემდგომი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე წინასწარი გათვლებით დაიხარჯება 20,000,000 აშშ დოლარზე მეტი. ამასთანავე, უკანასკნელი წლების განმავლობაში პროექტში, რომელიც ითვალისწინებს რესპუბლიკის მოედნის სრულ რეაბილიტაციას, ჩვენ უკვე დავხარჯეთ 14 მილიონი აშშ დოლარი, სადაც შედის არა მხოლოდ ნანგრევების, მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-კეთილმოწყობა, არამედ საკუთრივ მელიკ აზარიანცის   ფართების გამოსყიდვა კერძო პირებისგან, შენობის რესტავრაცია და ის თანხაც (100,000 ლარი), რომელიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ გადავურიცხეთ პანტომიმის თეატრს მისთვის სხვა ადგილას გამოყოფილი ფართის კეთილმოსაწყობად,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

„სილქ როუდ ჯგუფის” განცხადებით, იმ მიზნით, რომ მთელი ეს დანახარჯები რეალურ ბიზნესპროექტად გადაიქცეს, გაცოცხლდეს და ადამიანებისთვის მიმზიდელი გახდეს, რესპუბლიკის მოედნის, მიწისქვეშა ნაგებობების, ფოსტა-ტელეგრაფის, მელიკ აზარიანცის, „ანდროპოვის ყურების“ და მიმდებარე ადგილების, საჭირო არის შესაბამისი გარემოს შექმნა.


“სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ცდილობს  ჩვენი ორგანიზაცია, როდესაც  გასწევს რისკებით სავსე საინვესტიციო საქმიანობას, რაც გრძელვადიანი და რთული  პროცესია. ამ ფონზე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სწორედ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულება იყო, როგორც  პანტომიმის თეატრის, ისე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებისთვის ალტერნატიული ფართის (ეს უკანასკნელი ჩვენს კუთვნილ ფართში უსასყიდლოდ არის განთავსებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) გადაცემა. მზად ვართ პასუხი გავცეთ დამატებით ყველა შეკითხვას, თუკი ასეთი იქნება.”


შექმნილი ვითარების გამო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელობა ალტერნატიული შენობის გამოყოფას ხელისუფლებას სთხოვს. 


პანტომიმის თეატრი
პანტომიმის თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი