ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური: თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე ჯილდოდ იარაღი

6 მარტი, 2013 • • 906
ნუგზარ წიკლაური: თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე ჯილდოდ იარაღი

ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არ იცის, რა იყო მისთვის იარაღის ჩუქების მოტივი:

 

“ეს არის ღია ინფორმაცია. მე, დიახ, თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე ოფიციალური ბრძანებით ჯილდო, ეს გახლავთ იარაღი და მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ამგვარი ჯილდო მაქვს მიღებული. მე არ ვიცი, რა იყო თავდაცვის სამინისტროს მოტივი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო ქართული ჯარის გაძლიერებისკენ, ჩემი სურვილი, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი თავდაცვა, რომელიც დამპყრობელს აღუდგება წინ, სწორედ ეს სულისკვეთება იქნა დაფასებული თავდაცვის სამინისტროს მიერ.”

 

წიკლაური მიიჩნევს, რომ  სესიაშვილი “ჭორიკანა დედაკაცივით” აკეთებს განცხადებებს:

 

“არაფერი საიდუმლო აქ არ არის, ეს არის ოფოციალური ბრძანება, ასევე, ეს იარაღი ოფიციალურად არის რეგისტრირებული იმ სტრუქტურებში, სადაც საჭიროა. რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებებს და იმ საქმიანობას, რასაც ის პარლამენტში ეწევა, ეს არის მასხარაობა. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია მსჯელობა ჩვენი ჯარის შემდგომ განვითარებაზე და ჩვენს ჯარში პატრიოტული სულისკვეთების დანერგვაზე, ვიდრე ასე ჭორიკანა დედაკაცივით განცხადებების კეთება.”

 

საპარლამენტო უმრავლეობის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღი ისეთი პირებისთვის აქვს საჩუქრად გადაცემული, რომლებსაც სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ:

 

“იარაღი ჯილდოს სახით გადაცემული იყო “რუსთავი 2”-ის მსახიობებისთვის – ვახტანგ ბიჭიკაშვილისა და ნიკოლოზ არაბიძისთვის,  პარლამენტარებისთვის – ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილისვის, ასევე – ხათუნა კალმახელიძისსთვის,  მომღერლებისთვის. მეტსაც გეტყვით, ბაჩო ახალაიას “ზაპაროჟეციც” კი ჰყავდა გასართობად ნაყიდი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე, გადახდილი ჰქონდა 7 ათასი დოლარი. გართობით იყვნენ დაკავებული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი