ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი: პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის

8 ივნისი, 2017 • 2320
სოფლის მეურნეობის მინისტრი: პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ცნობით, დღევანდელი ვითარებით საქართველოს მიწის 5%-ის მფლობელები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანში გაიყიდა ამ მოცულობის მიწა. მინისტრი ასევე ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს, ეკონომიკურად ქვეყანას და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორს არ დააზარალებს.

“მიწა არის განსაკუთრებით შეზღუდული რესურსი, მოსახლეობის ზრდასთან ერთად მიწის რესურსი კიდევ უფრო აქტუალური და ღირებული ხდება. შესაბამისად, ამ მიწის რესურსს მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა უფრთხილდებოდეს ყველა პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ხელისუფლება, ამიტომაც საჭიროა მყარი და სწორი განაცხადი ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური ჩანაწერი ამ საფუძველს ქმნის. პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ უნდა ჰქონდეთ მასზე საკუთრების უფლება. ჩვენ ვართ ის სამინისტრო, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული სოფლის მეურნეობის განვითარებით. სოფლის მეურნეობის დინამიკა პირდაპირ კავშირშია მიწასთან, რადგან მიწაა მთავარი საწარმოო რესურსი, რომელზეც ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ფერმერული საქმიანობა. ბოლო პერიოდში დაკვირვება აჩვენებს, რომ თავისუფლად მიწის გაყიდვის შემთხვევაშიც არანაირი დიდი ინვესტიციები სოფლის მეურნეობას [არ მიუღია]. მიწის გასხვისება ხდებოდა, მაგრამ ეს არ აძლევდა სოფლის მეურნეობის განვითარებას ბიძგს. დარგის განვითარებაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმოქმედებს უარყოფითად. პირიქით, ეს იქნება რესურსი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობით მოექცევა რესურსის მფლობელი. საბოლოოდ სოფლის განვითარების დინამიკას ეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა,

დღეს, 8 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას მიმართა, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღარ შეეძლება. დღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარეომ ირაკლი კობახიძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი