ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები ნაფიც მსაჯულებზე უარს აცხადებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ სხვა პირთა წინა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა კითხვით – აქვთ თუ არა მათ სურვილი, რომ ეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

 

“საზოგადოებამ თავად გასცეს პასუხი, თუ რატომ თქვეს უარი, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ყველა მტკიცებულება საჯაროდ წარმოგვედგინა, თუმცა როგორც დაინახეთ მათ ერთხმად ასე გადაწყვიტეს”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

საკანონმდებლო ცვლილებებით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებული წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა.

 

ასეთი საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

 

შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. 

 

თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

 

შეგახსენებთ, რომ საქმეში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge