ახალი ამბები

რუსთაველზე მომხდარ ავტოავარიაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

6 ივნისი, 2017 • 2580
რუსთაველზე მომხდარ ავტოავარიაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, რუსთაველზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთვა.

სასამართლოს ცნობითვე, საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

“სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა,”- აცხადებს სასამართლო. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი