ახალი ამბები

ავტოსკოლებს შესაძლოა ავტორიზება დასჭირდეთ

5 ივნისი, 2017 •
ავტოსკოლებს შესაძლოა ავტორიზება დასჭირდეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო პროექტზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მართვის მოწმობის გამოცდაზე მხოლოდ ის ადამიანი გავიდეს, რომელსაც ავტორიზებული ავტოსკოლა ექნება დამთავრებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში “ჩემი კითხვა”  განაცხადა, პარალელურად, შსს-ს სურს მართვის მოწმობის გამოცდის სტანდარტის უფრო მაღლა აწევა.

“მხოლოდ სკოლებს ვერ დავაბრალებთ [მძღოლების კვალიფიკაციის საკითხს]. ჩვენი შეფასების სისტემაც არ არის ისეთი, რომ  უფრო კვალიფიციური მძღოლების გამოშვება უზრუნველყოს.  ჩვენი შეფასებით, ეს არის როგორც სკოლების, ასევე ჩვენი [შეფასების სისტემის]  პრობლემა. მე სხვადასხვა ფორუმზე მომისმენია (იმავე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობოებისაგან) შეფასებები, რომ არის სკოლები, რომლებიც 4 დღეში, ზოგიერთი კი 3 დღეში ამზადებს მძღოლს.

ჩვენ ვმუშაობთ მართვის მოწმობის გამოცდების პროექტზე.  აქტიურ კონსულტაციას ვაწარმოებთ განათლების სამინისტროსთან, რომელმაც თუ ეს კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და მთავრობა ამ პროექტზე ჩამოყალიბდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას გაატარებინოს ავტორიზაცია. ასეთ სკოლებს შეიძლება ჰქოდნეთ სიმულატორები, სპეციალური პროგრამა- რამდენი საათი უნდა გავარჯიშოს. განხორციელდება დეტალური მონიტორინგი და გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ასეთი სკოლა ექნება დამთავრებული. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც გაცილებით მაღალი იქნება. ეს არის ჩაფიქრებული და ამ პროექტზე ვმუშაობთ, როგორც დიდ რეფორმაზე, ვნახოთ, როგორ შეთანხმდება მთავრობა”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ხუციშვილის თქმით, შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის სტანდარტის რეფორმა სკოლების კომპონენტის გარეშე.

“მთავრობის პოზიცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი”.

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია:  მძღოლები მართვის მოწმობითა და არასათანადო მომზადებით”

მასალების გადაბეჭდვის წესი