ახალი ამბები

მძღოლები მართვის მოწმობითა და არასათანადო მომზადებით

4 აგვისტო, 2016 • 2948
მძღოლები მართვის მოწმობითა და არასათანადო მომზადებით

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ ავტოსკოლებსა და საჯარო სკოლებში მომავალ მძღოლებს არაკომპეტენტური პირები ამზადებენ, სახელმწიფო კი არ აკონტროლებს ავტოსკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რის გამოც მართვის მოწმობებს არასათანადოდ მომზადებული მძღოლები იღებენ.

“შედეგად ვიღებთ მართვის მოწმობიან მძღოლებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ცოდნა ავტომობილის მართვის შესახებ, არ ფლობენ შესაბამის უნარებს”,— ამბობს დავით მესხიშვილი, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ ყველაფრის შედეგად იკავებს საქართველო მოწინავე ადგილს ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევების, მასში გარდაცვლილებისა (600-ზე მეტი ყოველწლიურად) და დაშავებულების (10 000-ზე მეტი) რაოდენობის მიხედვით.

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ინფორმაციით, დღეს საქართველოში 1000-ზე მეტი ავტოსკოლაა, მათგან 700-ზე მეტი თბილისშია გახსნილი. დავით მესხიშვილი, ამბობს, რომ ავტოსკოლების უმრავლესობა მომავალ მძღოლებს ამზადებს “მხოლოდ იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღონ”. მისი თქმით, მძღოლისათვის საჭირო უნარების გამომუშავება ავტოსკოლებში არ ხდება.

“ეს უნარებია: მართვა წვიმაში, თოვლში, მოყინულ გზაზე, მართვა ღამით, კონტრავარიული მართვის ცოდნა”, – გვიხსნის დავით მესხიშვილი და ამბობს, რომ ავტოსკოლები “არაერთ ხრიკს” იყენებენ, რათა მოსწავლეს დაეხმარონ, მარტივად ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდა.

ბექა მოსელიძე თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოსკოლაში (ავტოსკოლა “სტარტში”) სწავლობდა. 12 დღის განმავლობაში მას თეორიულ ნაწილში ამეცადინებდნენ — ერთი გაკვეთილი საათნახევარს გრძელდებოდა, დამატებით 5 დღე კი პრაქტიკული მეცადინეობისთვის იყო განკუთვნილი, — თითო პრაქტიკული გაკვეთილი 45 წუთს გრძელდებოდა.

“მასწავლებელი დეტალურად და გააზრებულად გვიხსნიდა ყველა ბილეთს. ჯერ წესებს ვსწავლობდით, ხოლო შემდეგ ამ წესების შესაბამის ბილეთებს ვაკეთებდით”, – გვიამბობს ბექა. მას ვკითხეთ პრაქტიკული მეცადინეობების შესახებაც.

“პრაქტიკაზე არ გასწავლიან, მანქანა როგორ უნდა ატარო. გასწავლიან, როგორ უნდა ჩააბარო გამოცდა — სწავლობ მანქანის ადგილიდან დაძვრას, პირველი სიჩქარით ტარებას. სწავლობ, როგორ არ უნდა ჩაგიქრეს მანქანა”, – გვიხსნის ბექა და ამბობს, მართალია, სასწავლო კურსით კმაყოფილია, თუმცა ფიქრობს, რომ ქალაქში გადაადგილებისთვის ჯერ მზად მაინც არ არის. მან კი უკვე აიღო მართვის მოწმობა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმღძვანელი, დავით მესხიშვილი, გვეუბნება, რომ ავტოსკოლებში მოსწავლეებს საგამოცდო ბილეთებსაც აზეპირებენ და ეს “საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ”მაგალითად, “თუ ნახატზე მოცემულია 2 ჭა, შემოხაზეთ “ბ” პასუხი”, თუ სურათზე მოცემულია BMW და მერსედესი, შემოხაზეთ “გ” და ა.შ.”, – გვიამბობს დავით მესხიშვილი.

ილია კანდელაკი, რომელიც ავტოსკოლა “გოუს” (GO) ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მისი სასწავლებელი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი, ინსტრუქტორების კვალიფიკაცია კი მაღალია და ისინი ცდილობენ, მოსწავლეებს ცოდნა გადასცენ. თუმცა, როგორც ილია კანდელაკი ამბობს, თბილისში ძალიან ბევრი ავტოსკოლაა, რომელიც ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

“რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ავტოსკოლას. არსებობენ ავტოსკოლები, რომლებიც კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად ამზადებენ მოსწავლეებს”, — ამბობს დავით მესხიშვილი, თუმცა ამბობს, რომ უარყოფითი ტენდენციის არსებობა პრობლემურია.

ტერიტორია, სადაც ინსტრუქტორები მომავალ მძღოლებს ამზადებენ. თბილისი. 03.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ტერიტორია, სადაც ინსტრუქტორები მომავალ მძღოლებს ამზადებენ. თბილისი. 03.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დავით მესხიშვილის თქმით, სკოლებში მოძრაობის წესების შესახებ გაკვეთილებს ატარებენ “შეუსაბამო კომპეტენციის მქონე მანდატურები”. საჯარო სკოლებში სწავლება 2011 წელს გამოცემული სახელმძღვანელოთი მიმდინარეობს, მოსწავლეთათვის კი ტესტების კრებულია განკუთვნილი.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად საჯარო სკოლებში საგანს, “საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”, ხშირად მანდატურები ასწავლიან, თუმცა მხოლოდ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე. მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, კონსტანტინე ანჯაფარიძე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მანდატურის სამსახური საჯარო სკოლებს მანდატურების გადამზადების პროცესში ეხმარება.

“ამ გაკვეთილებს საჯარო სკოლებში ხშირად შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე მანდატურები ატარებენ, რომლებიც, შესაძლოა, არ ფლობდნენ მძღოლისთვის მეტად საჭირო უნარებს”, – ამბობს დავით მესხიშვილი და გვიხსნის, რომ საჯარო სკოლაში აღებული ცნობით მოსწავლეს შეუძლია გამოცდაზე ისე გავიდეს, რომ სხვა პრაქტიკული კურსი მძღოლთა მოსამზადებელ სხვა დაწესებულებაში არ გაიაროს.

კოტე ანჯაფარიძის თქმით, იმ მანდატურს, ვისაც სურს, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება ასწავლოს სკოლაში, თვითონ აუცილებლად უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა.

“მანდატურები, რომლებთანაც კონკრეტულ საჯარო სკოლას სურს ხელშეკრულების გაფორმება, გადამზადებას გადიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. მათ მხოლოდ მას შემდეგ ეძლევათ სწავლების უფლება, რაც გადამზადდებიან”, – უთხრა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ “ნეტგაზეთს”.

შსს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი ნოდარ სააკაშვილი გვიხსნის, რომ საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფთხოების სწავლება შეუძლია არა მხოლოდ მანდატურს, არამედ საგანმანათლებო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც ექნებოდა უნარი, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობა გადაეცა მოსწავლეებისათვის. “შეიძლებოდა ეს ყოფილიყო სპორტის, მათემატიკის ან ფიზიკის მასწავლებელი”, – ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ “კარგა ხანია” ასეთი გადამზადება აღარ ჩატარებულა.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, კოტე ანჯაფარიძის, თქმით, როდესაც მანდატურები პოლიციის აკადემიაში გადიან შესაბამის გადამზადებას, შესაბამისი სახელმძღანელო მათ იქვე ეძლეოდათ. ამ სახელმძღვანელოს ავტორი ჩვენი რესპონდენტი, პოლკოვნიკი სააკაშვილი იყო.

როგორც ნოდარ სააკაშვილი გვიხსნის, საგზაო ნიშნები და კანონმდებლობა ყველა კატეგორიის მძღოლებისთვის ერთი და იგივეა, თუმცა საგამოცდო პრაქტიკა ტესტების მიმართულებით შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან, მაგალითად, სამგზავრო C ან D კატეგორიის მძღოლს დამატებითი მოთხოვნილებები აქვს. თუმცა სკოლაში მხოლოდ B კატეგორიის მძღოლების მომზადებაა გათვალისწინებული. “კანონმდებლობით, 17 წელს მიღწეული პიროვნება, რომლის ერთ-ერთი მშობელი წერილობით თანხმობას გამოხატავს, რომ არასრულწლოვანმა მართვის უფლება მიიღოს, შეზღუდული უფლებებით სარგებლობს – მძღოლად ვერ მუშაობს, სანამ 18 წლის არ გახდება”, — გვიხსნის სააკაშვილი.  

თუკი თქვენ 18 წელი შეგისრულდათ და მსუბუქი ავტომობილის [B კატეგორია] მართვის უფლების მიღება გსურთ, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად მოემზადოთ, — თქვენთვის არ არის აუცილებელი, მოსამზადებელ დაწესებულებაში ისწავლოთ. ხოლო მათ, ვისაც სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის აღება სურს, ავტოსკოლაში სიარული მოუწევთ, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება ადამიანი, რომელმაც დადგენილი სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად გაიარა პროფესიული მომზადების კურსები სათანადოდ აღჭურვილ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, ე.ი მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

იმ ავტოსკოლებისთვის, რომლებიც ამზადებენ C, D და E კატეგორიის მძღოლებს, ასევე, B კატეგორიის იმ მძღოლებს, რომელთაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ, საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი პირობაა, მომსახურების სააგენტოს შეატყობინოს ინფორმაცია მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.

თუმცა, როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამბობენ, “პრაქტიკულად არ ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმება, თუ ვისზე ხდება ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცემა”.

“მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება იმ შემთხვევაში, თუ ამზადებს A1, B, B1, (18 წლამდე ასაკის პირებისთვის) BE, C (СE, C1, C1E), D (DE, D1, D1E), T, S და ტრამვაის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მძღოლობის კანდიდატს, ვალდებულია, ფუნქციონირების დაწყებისთანავე წერილობით მიაწოდოს მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროგრამების შესახებ”, – გვითხრეს შსს მომსახურების სააგენტოში. თუმცა, მათივე თქმით, მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით უფლება არ აქვს განახორციელოს მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებების მონიტორინგი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პრობლემას წარმოადგენს, რომ შეუზღუდავია ინსტრუქტორის ასაკი. დავით მესხიშვილი გვეუბნება, რომ შესაძლებელია, ინსტრუქტორი იყოს 18-19 წლის ადამაინიც, რაც, მისი შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებით მიუღებელია. “ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და ფლობდეს საჭირო უნარებს”, – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

დავით მესხიშვილი იხსენებს “ევროპულ გამოცდილებას”, სადაც, მისი თქმით, საგზაო მოძრაობაში პრაქტიკული გამოცდა ტარდება როგორც ქუჩებში, ასევე დაუსახლებელ პუნქტებსა და  ავტომაგისტრალზეც. “გამოცდა B კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის 45-50 წუთს გრძელდება. გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კი დროებითი მართვის მოწმობა გაიცემა. საქართველოში კი, მისი ცნობით, ასეთი შეზღუდვები არ არსებობს”, – ამბობს მესხიშვლი.

როგორც მომსახურების სააგენტოში გვეუბნებიან, “სააგენტო აქტიურად მუშაობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი არის  ის, რომ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეიქმნას  გარკვეული რეგულაციები, რაც, შესაბამისად, სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი