ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუვერენიტეტის აღიარების თამაში – ნაურუს დილემა

4 ივნისი, 2017 •
სუვერენიტეტის აღიარების თამაში – ნაურუს დილემა

სტატია (The Sovereign Recognition Game: Has Nauru Overplayed Its Hand?) თავდაპირველად დაიბეჭდა იაპონურ გამოცემა ‘დიპლომატში’ (The Diplomat), რომელიც აზიასა და ოკეანეთს აშუქებს. სტატიის ავტორი: გრანტი ვაიეტი


 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, ნაურუმ რუსული მხარისაგან ფინანსური სარგებელი მიიღო. შეუძლია თუ არა აშშ-ს, რომ ნაურუს პოლიტიკა შემოატრიალოს?

სამხრეთ წყნარ ოკეანეში უკვე ათწლეულებია, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება-არაღიარების თამაშს თამაშობენ. მრავალრიცხოვან მოსახლეობას, განსაკუთრებულ რესურსებსა და გეოგრაფიულ უპირატესობებს მოკლებულმა წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა თავიანთი სუვერენიტეტი ბერკეტად გამოიყენეს საერთაშორისო სისტემაში, რათა სხვა ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყოთ, რის შედეგადაც წყნარი ოკეანის კუნძულები უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე სხვაგვარად თამაშის შემთხვევაში.

ამ თამაშის მთავარი სამიზნე ამ რეგიონში ჩინეთია. როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა შეწყვიტა 1970-იან წლებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი, წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა შესაძლებლობა დაინახეს, ამ დინამიკისაგან სარგებელი მიეღოთ.

ამჟამად კირიბატი, სოლომონის კუნძულები, პალაუ, ტუვალუ, მარშალის კუნძულები და ნაურუ – ყველანი აღიარებენ ტაივანს, როგორც ლეგიტიმურ ჩინეთს, რის შედეგადაც ტაივანისგან პირდაპირ ფინანსურ სიკეთეებს იღებენ საჩუქრად. თუმცა ამ ქვეყნების  მთავარი მოლოდინი და მიზანია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ (PRC) მათ ტაივანის არაღიარების სანაცვლოდ, ტაივანზე უფრო მეტი სიკეთეები შესთავაზოს.

რამდენიმე წლის წინ პეკინმა (ჩინეთმა) და ტაიპეიმ (ტაივანი) დროებითი ზავი დადეს საერთაშორისო აღიარება-არაღიარების ბრძოლაში. ეს ზავი ერთგვარ ფარსს მოჰყვა საგარეო ურთიერთობებში: პაპუა-ახალმა გვინეამ 1999 წელს მხოლოდ ერთი კვირით აღიარა ტაივანის სუვერენიტეტი, ამის შემდეგ, 2008 წელს, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან 30 მილიონი აშშ დოლარი ტყუილად გადასცა პაპუა-ახალ გვინეას, რათა მისგან კვლავ მიეღო დამოუკიდებლობის ცნობა. არსებული დაძაბულობის პირობებში, ჩინეთმა, შესაძლოა, ეს ზავი დაივიწყა – 2016 წელს, პეკინმა დაამყარა ფორმალური კავშირები ორ ქვეყანასთან, რომლებიც ადრე ტაივანის სუვერენიტეტს აღიარებდნენ – გამბიასთან და სან ტომე და პრინციპთან.

გარდა ‘ორი ჩინეთის’ ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშებისა, ოკეანეთის ქვეყნებს 2008 წლიდან სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობა გამოუჩნდათ, როდესაც კავკასიაში აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს (საქართველო კი მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიად მიიჩნევს).

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ეს ორი რეგიონი მას შემდეგ ცდილობს, სახელმწიფოთა საერთაშორისო სისტემაში ლეგიტიმაცია მოიპოვოს. რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დახმარებით, ნიკარაგუამ და ვენესუელამ სწრაფადვე აღაირეს მათი დამოუკიდებლობა. მათ 2009 წელს ნაურუც შეუერთდა. მოგვიანებით, ნაურუმ 9 მილიონი აშშ დოლარი მიიღო რუსეთისაგან პორტის გასაახლებლად.

როგორც კი შესაძლებლობა შეამჩნიეს, 2011 მათ ვანუატუ და ტუვალუ შეურთდნენ და დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოაყალიბეს სოხუმთან და ცხინვალთან. თუმცა ეს აღიარება მალე დასრულდა – ვანუატუმ საქართველოსთან 2013 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, მის მაგალითს კი ტუვალუმ 2014 წელს მიბაძა.

ნაურუ კი ურყევ პოზიციაზე დარჩა, რისი მთავარი მიზეზიც რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დახმარების იმედია. ნაურუს სტატუსმა, როგორც ფულის გათეთრების ცენტრმა რუსული მაფიისათვის, შესაძლოა, ასევე შეასრულა როლი რუსული ინტერესების შეუნელებლობაში (ფულის გათეთრება ნაურუში ავსტრალიური ბანკებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს). ასევე, შესაძლოა, ნაურუს სურვილი აქვს, ძლიერი მეგობარი ჰყავდეს [რუსეთის სახით], რათა ავსტრალიაზე საკუთარი დამოკიდებულება დააბალანსოს.

თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა ნაურუს ანიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, აშშ-სგან დახმარებას დაკარგავს: დონალდ ტრამპმა მაისში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ‘საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საერთაშორისო საზღვრებში’. ამ დოკუმენტის თანახმად, ყველა სახელმწიფო, რომელიც ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ძირითადად, აშშ-ის მხრიდან ვენესუელაზე ზეწოლისაკენ იყო მიმართული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნაურუზეც ექნება გავლენა, რადგან შეუწყვიტავს იმ შემოსავლებს, რაზეც ნაურუა დამოკიდებული. აშშ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო მონეტარული ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ძლიერი კონტრიბუტორია, ეს ყველა ინსტიტუცია კი სხვადასხვანაირად ეხმარება ნაურუს. ამ აქტმა, შესაძლოა, გავლენა იქონიას აზიური განვითარების ბანკზეც, რომელიც ნაურუში მრავალ პროექტს ახორციელებს.

ეს ნაურუს რთულ ვითარებაში აგდებს. თუკი შეერთებული შტატები ნაურუს დახმარებას შეუწყვეტს, კუნძული-სახელმწიფო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური მხარდაჭერის შეწყვეტა რუსეთისგან დახმარების შეწყვეტას ნიშნავს. სტატუს-კვოს შენარჩუნებამ კი შესაძლოა ქვეყნის იზოლაცია მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებისაგან და ნაურუს უბიძგოს, რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებისკენ გადადგან ნაბიჯები.

ავსტრალიას, უეჭველია, ურჩევნია ნაურუმ შემდგომ რუსულ გავლენისგან დაიცვას თავი, და იმედი აქვს, რომ აშშ ამ გაძლიერებულ პოზიციებს შეინარჩუნებს, რათა ძალა დაატანოს ნაურუს, ახლანდელი პოზიცია დათმოს. თუკი ეს ტაქტიკა გაამართლებს, დამოუკიდებლობის აღიარება-არაღიარების თამაშს, რომელსაც ნაურუსნაირი ქვეყნები თამაშობენ, შესაძლოა, ბოლო მოუღოს.

ნაურუ; Image Credit: Flickr / Sean Kelleher

ნაურუ; Image Credit: Flickr / Sean Kelleher

მასალების გადაბეჭდვის წესი