ახალი ამბები

რომან კაკულია: მთავარი მიზანი არის, რომ აიკრძალოს უცხოელებზე სასოფლო მიწების გასხვისება

3 ივნისი, 2017 • 2420
რომან კაკულია: მთავარი მიზანი არის, რომ აიკრძალოს უცხოელებზე სასოფლო მიწების გასხვისება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განმარტავს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც დამატებით ბარიერებს უწესებს უცხოელებს სასოფლო–სამეურნეო მიწების შესყიდვაზე, ემსახურება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში ამ საკითხის რეგულირებას. კაკულია განმარტავს, რომ ახალ კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერი უნდა იყოს, რომ წინააღმდეგობაში აღარ მოვიდეს ორგანულ კანონთან, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ მიიღებს პარლამენტი და რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვას აუკრძალავს საქართველოში.

“დღეისათვის არსებობს კონსტიტუცია, რომელიც თანაბარ დაშვებას აკეთებს როგორც უცხოეთის მოქალაქეზე, ასევე, საქართველოს მოქალაქეზე საკუთრებასთან დაკავშირებით მიწის მიმართ. სწორედ ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ გააუქმა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მორატორიუმიც კი და დაუშვა საკუთრებაზე მიწასთან მიმართებაში.

ამიტომ რამოდენიმე პარლამენტარის ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, არსებულ რეალობაში, არსებული კონსტიტუციის პირობებში გააკეთოს მაქსიმუმი, რათა იქნას მიღწეული მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის, რომ აიკრძალოს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. ასევე იურიდიული პირებისათვის დაშვება იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან 50%–ზე მეტი წილის მფლობელები”, – ეს განცხადება რომან კაკულიამ 3 ივნისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კაკულიას თქმით, მეორე საკითხია კონსტიტუციით მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა.

“რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, რომელიც არის აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ აღარ არსებობდეს შეუსაბამობა კონსტიტუციასა და კანონმდელობას შორის, რაც იყო ორჯერ უკვე იმის საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პარლამენტის გადაწყვეტილება. აუცილებელია, რომ ახალმა კონსტიტუციამ დააზუსტოს, თუ ვის ექნება დაშვება მიწის საკუთრებაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეებისაგან შემდგარი გაერთიანება, იურიდიული პირები, რომლის დაფუძნებელთა 50%–ზე მეტი არიან საქართველოს მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მოხსენიებული იქნება მიწის მფლობელობა როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო საკუთრებაში. დაშვებას განსაკუთრებულს მე მხარს ვუჭერდი ყოველთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრინციპები გამონაკლისისა იქნება დაზუსტებული იმდენად, რომ შემდეგ ორგანულ კანონს არ ექნება შესაძლებლობა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამონაკლისთან დაკავშირებით”, – განაცხადა კაკულიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა ნეგატიურ გავლენას იქონებს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციებზე:

“არის კიდევ მესამე თემა – როდესაც ოპონენტებს მჰყავთ “ფერეროს” მაგალითები, როცა თხილის ბიზნესი კარგად განვითარდა საქართველოში, რადგან ამ კომპანიის მფლობელობაშია მიწა. ამ კომპანიის წარმატება მიწის საკუთრებაში კი არაა, არამედ საქართველოში მოვიდა იმ ხარისხის თხილი, როგორიც მოვიდა, და ამ პროდუქციისთვის არსებობს ბაზარი. ამ მოცემულობის შესრულება 49–წლიანი იჯარის პირობებშიც წარმატებით შეიძლება”, – განაცხადა კაკულიამ.

შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრების მიერ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვაზე უცხოელებისთვის ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს. “ოცნებას” მანამდეც ჰქონდა უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკლრძალვის მცდელობა, გამოაცხადა მორატორიუმიც კი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილებები არაკონსტიტუციურად ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი