ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენი მიმალვაშია

28 თებერვალი, 2013 • • 2570
ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენი მიმალვაშია

სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და  ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ასევე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი, შპს „ლემისე კომპანის“ მფლობელები- ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მიმალვაში.

 

გამოძიების ცნობით,  სს „ბათუმის ქიმიურ  – ფარმაცევტული ქარხნის“ დაუფლების მიზნით, რომლის 76%-ს ფლობდა სახელმწიფო, ლ. კაპანაძე და ს. კაკალაშვილი დანაშაულებრივად გაურიგდნენ  თ. მღებრიშვილს და ა.გურგენიძეს.

 

 

მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც  ქარხნის საწესდებო კაპიტალში არსებული 4 344 856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შპს „ლემისე კომპანიას“  1 111 000 ლარად გადაეცა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფომ 3 233 856 ლარით იზარალა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ასევე გამოიკვეთა სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედება. მათ ქონების გადამალვისა და კრედიტორის წინაშე ქონებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით, შპს „ბათოილის,“ რომლის მფლობელებიც თავად იყვნენ,  დირექტორ პაატა დათიშვილთან ერთად რამდენიმე საწარმოსთან გააფორმეს მოჩვენებითი გარიგება და  „ბათოილის“ ქონება მათზე გადააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პაატა დათიშვილი დააკავეს.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 182 – ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილით, ასევე 2051  – ე    მუხლის  მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 11 წლამდე ვადით.

 

ლუხუმ კაპანაძე ყოფილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეგობარია, ხოლო სერგი კაკალაშვილი წინა მოწვევის პარლამენტის წევრია, რომლის კომპანიებიც ჩართული იყვნენ “ქართუს” გაკოტრების სქემაში. 

 

2006 წელს ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა სახელმწიფომ “ლემისე კომპანის” 1,111 მილიონ ლარად მიჰყიდა. ქარხნის ტერიტორია 54 ათასი კვადრატული მეტრია და მასზე 24 შენობა-ნაგებობაა განთავსებული. “ლემისე კომპანიმ” ქარხნის ტერიტორიაზე დააფუძნა “ბათფარმა”, რომელმაც წამლების დამზადება განაგრძო. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ლემისე კომპანის” დამფუძნებელი ლუხუმ კაპანაძე მინისტრ ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

 

ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ “ლემისე კომპანიმ” ამ ხელისუფლების პირობებში ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიღო 1 ლარად ან სიმბოლურ ფასად, მერე კი გაყიდა. ამ ყიდვა-გაყიდვის შედეგად ლუხუმ კაპანაძის კომპანიამ 27 მილიონამდე დოლარი მოიგო.

 

 „ლემისე კომპანის“ დირექტორი სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსები მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში წაიკითხა) „ქართუ“ ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებში რამდენჯერმე ფიგურირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი