საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯლავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლე საგანგაშო რაოდენობა არ არის.
ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, 1 ივნისს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააკეთა.
“თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოში 2 100 სკოლაა და 11 ათასი მოსწავლე გამოდის სკოლაში ხუთი, ხუთნახევარი, ექვსი მოსწავლე ჩაჭრილი. თქვენ როდესაც დაამთავრეთ სკოლა, სავარაუდოდ, თქვენს პარალელურ კლასელებში 5 ადამიანი, რომელიც საატესტატო გაამოცდებს ვერ გადალახავდა, იქნებოდა. როგორც კი დააჯამებ ამ ციფრს, რა თქმა უნდა, საშიშად ჟღერს. ასე 5-5-ად არ არის გადანაწილებული, დიდ სკოლაში მეტი იქნება, მცირე სკოლაში- ნაკლები. მოკლედ, მე ამ ციფრს საგანგაშოს არ ვუწოდებდი. თუ გვინდა განგაშის ატეხვა და ეს არის ჩვენი მიზანი, და ჩვენი ოპონენტების მიზანი სწორედ ეს არის, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, განგაში ავტეხოთ. თუ არადა, ეს დაახლოებით ისეთივე დონეა გადალახვა-ვერგადალახვის, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ ვედრებით განათლების ხარისხით,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე განცხადებით, მეორე საკითხია, რამდენად შეესაბამება განათლების ხარისხი საქართველოში იმ სტანდარტს, რაც სამინისტრომ დააწესა:
“განათლების ხარისხი არ იზომება ჩაჭრილების რაოდენობით, უფრო მაღალ სტანდარტს ვუმიზნებთ და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები… ამ შაბათ-კვირას გვაქვს კონფერენცია, სადაც უფრო დეტალურად გავშლით იმ სირთულეებს. კონკრეტულად ეს ჩაჭრილების რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი სასკოლო განათლების სისტემაში,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.