ახალი ამბები

რა რეგულაციების შემოღებას გეგმავს მთავრობა ხანძრებთან დაკავშირებით

1 ივნისი, 2017 •
რა რეგულაციების შემოღებას გეგმავს მთავრობა ხანძრებთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რითაც სავაჭრო ცენტრების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებს ექნებათ ვალდებულება, დააზღვიონ და საჭიროების შემთხვევაში აანაზღაურონ დასაქმებულთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი.

პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს და თვითონ ამ ცენტრების მფლობელებს:

“ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება. სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მხრივ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იქნას აუცილებელი წესით დაზღვეული. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულში უარი ვთქვით არაერთ სავალდებულო დაზღვევაზე და ისიც მინდა გავიხსენო, მე ძალიან კარგად მახსოვს ის მოვლენები, როცა ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათიც ჰქონდა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხები მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ იმ ფორმებით, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს:

“მხედველობაში მაქვს მესამე პირის მხრიდან ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების ზიანის ანაზღაურება და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ვფიქრობ, ესაა მნიშვნელოვანი ცვლილება იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების და მცირე ბიზნესის უფლებები იქნას დაცული.”

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, ძლაიან მნისვნელოვანია, რომ წვრილი თუ მსხვილი სავაჭრო ცენტრების მფლობელებსაც ექნებათ გაცილებით ნაკლები ტვირთი და გამოირიცხება ისეთი მოვლენები, რასაც ადიგლი ჰქონდა უახლოეს თუ ადრინდელ წარსულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი