ახალი ამბები

სამადაშვილი: აფგან მუხთარლის საქმეზე საერთაშორისო ზეწოლა იქნება უკიდურესად ძლიერი

31 მაისი, 2017 •
სამადაშვილი: აფგან მუხთარლის საქმეზე საერთაშორისო ზეწოლა იქნება უკიდურესად ძლიერი

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან ადამიანის პოლიტიკური უფლებების დარღვევის მიზნით. ეს განცხადება მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ჟურნალისტი  დღისით, მზისით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, უბნიდან, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩო მდებარეობს და სავსეა ვიდეოკამერებით:

“ჩვენ დღეს სუს-ის ხელმძღვანელობიდან სრულიად აბსურდული განცხადება გვესმის. ყველა მსგავსი ფაქტი ანგრევს ამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.  საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ვიღაცის დავალების შესრულება არ არის, ხელისუფლების ვალდებულებაა ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვა. ეს ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო,” – აღნიშნავს სამადაშვილი.

მისივე სიტყვებით, ნორმალური ხელისუფლების პირობებში გამოძიებას გამოითხოვდნენ, მაგრამ  დეპუტატის თქმით, ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს, რადგან ისევ აბსურდულ განცხადებებს მოვისმენთ.

“საერთაშორისო ზეწოლა იქნება უკიდურესად ძლიერი, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ამ ადამიანის ბედთან დაკავშირებით არსებობს,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისს გაიმართა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი