ახალი ამბები

პრემიერის პრესსამსახური: პრეზიდენტს 350 კაცი იცავს

26 თებერვალი, 2013 •
პრემიერის პრესსამსახური: პრეზიდენტს 350 კაცი იცავს

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

ცვლილებებამდე აღნიშნული სამსახური ექვემდებარებოდა პრეზიდენტს, რომელიც ასევე ნიშნავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს.

 

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ცალკე შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურიც. კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე, პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვას, ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებებს და ასრულებს ამავე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

“პრეზიდენტს დარჩა მისი პირადი დაცვის სამსახური, რომელიც 350 -კაციანია. ის ამ დაცვაზე დღეს უარს არ ამბობს, ის უარს ამბობს სახელმწიფო დაცვაზე და ამით მანიპულირებს.  გარდა ამისა, 7- მილიონიანი ბიუჯეტით პრეზიდენტს დარჩა, რომელიც თავს მოიყრის სახელმწიფო დაცვიდან გამოყოფილ პრეზიდენტის დაცვის სამსახურში. ანუ დაფინანსებაც აქვს და 350 -კაციანი პირადი დაცვაც.
თემურ ჯანაშია აქამდე ორივე პოსტს ინარჩუნებდა, ანუ იყო სახელწმიფო დაცვის სამსახურის უფროსიც და პრეზიდენტის დაცვის უფროსიც. ახლა ის არის პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს განაცხადა:

 

“მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა, დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს – მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება.”

 

მანჯგალაძეს ჩვენ დამატებითი კითხვით დავუკავშირდით – ჰყავს თუ არა პრეზიდენტს პირადი დაცვა? – რაზეც პრეზიდენტს პრესსპიკერმა გვიპასუხა, რომ მეტს ვერაფერს იტყვის ამ საკითხზე.

 

პრემიერმა გუშინ თანამდებობიდან დაითხოვა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია და მის ნაცვლად ანზორ ჩუბინიძე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი