“ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას მიმართ გირაოს – 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ; საქალაქო სასამართლოს განცხადებით, შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.
“რაც შეეხება, პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულ დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორცილებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა.სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაეთანხმა ბრალდების მხარეც, სასამართლოს განჩინებით დაშვებულ იქნა ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა მთელი პროცესის განმავლობაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 10 აპრილს 15 საათზე, თბილის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.