“სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის. დაუსაბუთებელი იყო მილიონი ლარის მოთხოვნა გირაოს სახით, ქვეყნიდან გაუსვლელობა და სხვადასხვა ტიპის ეგზეკუციები, რასაც აღარ ჩამოვთვლი” – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო: “ვინაიდან ივანიშვილმა გადაწყვიტა
საგამოძიებო ორგანოების ჩარევა იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც მან წამოიწყო, მე და ჩემი ყველა მეგობარი ღია სასამართლოს თავისუფალ გარემოში ბრალდებას ვუპასუხებთ. მოვითხოვ, რომ ყველა ტელეკამერამ გააშუქოს სხდომა. სასამართლოს ყველა სხდომა უნდა იყოს საჯარო და ტელეკამერები ბოლომდე უნდა დაესწრნონ სხდომას და არა – 3 წუთი. სასამართლოს მომავალი სხდომა დაინიშნა 10 აპრილს. სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.”
გიგი უგულავას განცხადებით, ვინც კოცონი დაანთო, ცეცხლს ის მოიმკის: “სასამართლო პროცესზე უნდა იყოს

უზრუნველყოფილი თავისუფალი შეჯიბრებითობა. ყველა მოწმე დაიკითხება სასამართლოზე, ყველა ეპიზოდი იქნება ცალკე განხილული. დღეს უკვე კარგად გამოვლინდა, რომ დაუკავშირებელი ბრალდებაა “იმედის” ნაწილში, ჩემი ბრალდება, საბოლოო ჯამში, დადის იდეოლოგიურ ხელმძღვანელობაზე რაღაც პროცესის. ეს დაახლოებით იგივეა, რაც დააბრალეს თეოდორე ჩიხლაძეს, თვითმფრინავის საქმეზე იდეოლოგიური ხელმძღვანელობა და დახვრიტეს. იმის მერე ასეთი მუხლი არც საბჭოთა პერიოდში და არც იმის მერე აღარც არსებობდა. ანალოგიური ბრალდებებით ხელმძღვანელობს დღეს ჩვენი პროკურატურა. მე არ გავურბივარ არც ერთ შეკითხვას. ახლა მე ვითხოვ ყველა შეკითხვაზე პასუხს და, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანზე დღეს ბრალდებას არანაირი პასუხი არ ჰქონდა.”
თბილისის მერის განცხადებით, ეს პროცესი დასრულდება პროკურატურის ფიასკოთი და ხელს დაიწვავს ის ადამინი, ვინც ეს ცეცხლი დაანთო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პროკურატურის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების და 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
