საპატრაირქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთ–ერთმა მაღალმა იერარქმა პროკურატურას მოსთხოვა, რომ პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ დაეწყოთ გამოძიება და არ დაეჭირათ.
“ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ერთ–ერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ დაწყებულიყო გამოძიება და ის არ დაეჭირათ. არის თუ არა ეს გამოძიებაში უხეში ჩარევა? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, რატომ ითხოვ ამას და რატომ უშლი ხელს გამოძიებას?” – განუცხადა ტვ პირველს ქარჩავამ.
ტელეკომპანია პირველის კითხვაზე, იყო თუ არა მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ის, ვინც სთხოვა პროკურატურას, სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ დაეწყოთ გამოძიება, იურისტი პასუხობს:
“მე არ დავასახელებ, ამიტომ თვითონ თქვას. მე რასაც ვამბობ, ვამბობ მტკიცებულებებით. როცა ვთქვი, 50 მილიონის გათეთრება უნდოდა გიორგი მამალაძეს, დამაყარეს ფეისბუკიდან და ცილისმწამებელი მეძახეს, მაგრამ გამოვიდნენ და დაადასტურეს შემდეგ. მე უარესებიც ვიცი, თუ რა სკანდალურ გარიგებებში იყო ჩართული [დეკანოზი მამალაძე], ვის, რა წილი უნდა მიეღო – უარესი ვიცი. საპატრიარქომაც იცის ეს, საპატრიარქოში კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც გამოვა, თავის თავზე იტვირთებას ამას და იტყვის, რომ ეს გუნდი უნდა წავიდეს ეკლესიიდან.”
საპატრაირქოს იურისტი ქარჩავა ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი ამბობს, რომ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, მას არ უდა დაიჯეროს, რომ ამ ცილისწამებლური კამპანიის უკან ილია მეორე მოიაზრება.